სფფ „ლანჩხუთის“ პირობით დისკვალიფიკაციასა და მოთამაშეებისთვის გამოსაცდელ ვადას ითხოვს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“, მისი მოთამაშეებისა და სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის პირობით დისკვალიფიკაციასა და 24-თვიან გამოსაცდელ ვადას ითხოვს. ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტის სხდომა დღეს, 27 ნოემბერს გაიმართება.
„ლანჩხუთის“ განცხადებით, ფედერაციის მოთხოვნა სერიოზულ მორალურ და სამართლებრივ კითხვებს აჩენს. კლუბი მიუთითებს, რომ სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლი, რომელიც ჩემპიონატის მატჩის მიტოვებასა და გაგრძელებაზე უარის თქმას ეხება, მხოლოდ მატჩში წაგების ჩათვლასა და ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს არც კლუბის, არც ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას და არც ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.
მიუხედავად ამისა, კლუბის ცნობით, ფედერაცია ცდილობს გამოიყენოს სრულიად სხვა დარღვევისთვის განკუთვნილი ნორმა და მოითხოვოს სანქცია, რომელიც შესაბამისი მუხლით არ არის გათვალისწინებული. „ლანჩხუთი“ აქვეყნებს ამონარიდს ფედერაციის საჩივრიდან, სადაც ნათქვამია: „ფედერაციისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება…“
„ლანჩხუთში“ მიიჩნევენ, რომ ფედერაციის ეს ქმედება კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობაა. კლუბი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ნაცვლად, ფედერაცია იმ კლუბისა და მოთამაშეების დასჯას ცდილობს, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ.
„ლანჩხუთის“ თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს. კლუბი აცხადებს, რომ ფეხბურთელების უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს და არ დაუშვებს, რომ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბარი მოთამაშეების დასჯისა და დაშინების საფუძვლად იქცეს.
