სოკარი გურიაში გაზის ქსელის დარღვევებზე: თვითნებური მიერთებები და კუსტარული დანადგარები
ზამთრის ცივი დღეების მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. რეგიონში გაზის ქსელის უსაფრთხოების ხარისხი და მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რაც შესაძლოა სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, აბონენტთა ქსელის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესის სრული დაცვით, ყოველწლიურად ტარდება. მათი განმარტებით, გეგმური შემოწმებების სიხშირეს სემეკის №12 დადგენილება არეგულირებს, რაც კომპანიას ავალდებულებს წლიურად განახორციელოს შემოწმებები. ყოველი კალენდარული წლისთვის შესაბამისი გეგმა პირველ მარტამდე დგება.
გურიის რეგიონში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ყველაზე ხშირად გამოვლენილ დარღვევებს შორისაა ბუნებრივი აირის სისტემაში თვითნებურად დამატებული წერტილები, გაზის დანადგარების არასწორი მონტაჟი, ე.წ. კუსტარული მოწყობილობების გამოყენება და გათიშული გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა. ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები: თავი შეიკავონ გაზის დანადგარების თვითნებური მონტაჟისგან, რეგულარულად შეამოწმონ საკვამლე და სავენტილაციო არხების გამართულობა. გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გადაკეტონ გაზის ონკანი, კარგად გაანიავონ ფართი და სასწრაფოდ დაუკავშირდნენ საავარიო სამსახურს, რათა თავიდან აიცილონ უბედური შემთხვევები.
