
სომხეთში რუსი ოლიგარქის პარტიის მხარდამჭერები დააკავეს ქრთამის ბრალდებით - Netgazeti
სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასაარჩევნო ქრთამის მიცემის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის ფარგლებშიც დააკავეს რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ ოთხი მხარდამჭერი. ამის შესახებ ანტიკორუფციული კომიტეტის პრესსამსახური იუწყება. სომხეთში 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება რუსი ბიზნესმენის და ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი. „მიღებულ იქნა ფაქტობრივი მონაცემები იმის შესახებ, რომ პარტია „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერმა რამდენიმე ამომრჩეველს შესთავაზა ქრთამი დასაქმების სახით და სხვა გზებით, იმის სანაცვლოდ, რომ 2026 წლის 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა. აღნიშნული შეთავაზება მიღებული იყო. ამ ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, ოთხი პირის მიმართ დაიწყო საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა და ისინი დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის მონაწილე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, არტურ ავანესიანი (ომის დროს მეტსახელად „კანდაზი“), რომელიც ასევე პარტია „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერია, დააკავეს და ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს. 14 აპრილს პარტია „ძლიერი სომხეთის“ ორი წევრი დააკავეს წინასაარჩევნო პერიოდში ქველმოქმედების საკანონმდებლო აკრძალვის დარღვევის ბრალდებით. 15 აპრილს სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა მათი შინაპატიმრობაში დატოვების შესახებ არ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიებად ადმინისტრაციული ზედამხედველობა შეუფარდა. 16 აპრილს ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წარმომადგენელი დააკავეს არჩევნებზე ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით, კომიტეტში აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სამველ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის პასპორტებს ფლობს. მისი მხარდამჭერები მას სომხეთის მომავალ პრემიერ-მინისტრადაც მოიაზრებენ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლიან და ცენზს გააუქმებენ. პოლიტიკურ ექსპერტებში არსებობს ვარაუდი, რომ მის პარტიას არჩევნებში ამ ფაქტორის გამო არ დაარეგისტრირებენ. მოსკოვში ფაშინიანის ბოლო ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება [როგორც საარჩევნო სუბიექტი], კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის პასპორტს. მანამდე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა. სამველ კარაპეტიანმა უკვე განაცხადა, რომ სომხეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge