
ვინაიდან ეს იყო 1 ინციდენტი, ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე - კობახიძე - Netgazeti
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორში მომხდარ პოლიციელების ჯგუფურ ძალადობა ერთი ინციდენტია და ამის გამო ვერ ისაუბრებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, სერგი ბზიშვილის პასუხისმგებლობაზე.
„კონკრეტულ რეგიონში რაღაც თუ ხდემა სისტემატურად, თუ არის რეციდივი, განმეორება და ა.შ. მაშინ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, მაგრამ ვინაიდან ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე. ეს არის შესაბამისი უწყების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გორში მომხდარზე ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა.
„ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. არც ერთი სამართალდარღვევა, მით უმეტეს, ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
27 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე. პოლიციელთა ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა.
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ნაცემი 28 წლის კაცი საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული და ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც მასზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა.
ნაცემია თავად ლაშა აბისონაშვილიც. პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, ის სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.
ლოცულაშვილი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.
ამასთან, გორში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით. მომხდარიდან მეორე დღეს კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე მხოლოდ ექვსი პოლიციელი დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯგუფურ ძალადობაში 6-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge