
ოპოზიციის დევნის საქმის პროცესი მოულოდნელად გადმოწიეს - Netgazeti
ოპოზიციის ლიდერების დევნის საქმის პროცესი, რომელიც თვის ბოლოს იყო დაგეგმილი, დღეისათვის გადმოწიეს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც უვიზო რეჟიმის საკითხს ეხება.
“პროცესი 24 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, ასე იყო განრიგით გაწერილი და შეთანხმებულიც გვქონდა მოსამართლესთან. რატომ გადმოწიეს, არ ვიცი. შეიძლება დაკავშირებული იყოს ამერიკელებთან, შეიძლება დაკავშირებული იყოს ევროპის უვიზოსთან, რადგან დღეს იქ არის შეხვედრა ტექნიკურ დონეზე, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება. კიდევ არის რაღაც საკითხები, რასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ ამაზე საუბარი ცალსახად სპეკულაცია იქნება. სხდომის შემდეგ მოგიყვებით, ჩემი აზრით, რასთან არის კავშირში, რადგან ეს სხდომაზე გამოჩნდება”, – განაცხადა საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი კი აცხადებს, რომ სხდომის თარიღის გადმოწევა პროკურატურაში მას სწრაფი მართლმსაჯულების არგუმენტით აუხსნეს, რისიც იურისტს არ სჯერა, რადგან სხვა საქმეებში საგამოძიებო უწყება ასე არ ჩქარობს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალი შემდეგი მუხლებით აქვთ წარდგენილი:
მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება;
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ელენე ხოშტარიას – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.
არცერთი პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს – ისინი წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკური დევნად აფასებენ.
8 ოპოზიციონერი ლიდერიდან აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არცერთს არა აქვს შეფარდებული – ხაზარაძე-ჯაფარიძეს აღმკვეთ ღონისძიებად მილიონ-მილიონი ლარის გირაო აქვთ შეფარდებული, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს- 30 000 ლარი, გრიგოლ ვაშაძეს- 30 000 ლარი.
უკვე პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა კი არ ყოფილა სასამართლოში, რადგან ისედაც პატიმრობაში არიან.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge