მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო - Netgazeti
ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო - Netgazeti

ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო - Netgazeti

ნეტგაზეთი22 ივლისი, 2026, 07:42|netgazeti.ge

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ვხარხარებ“ — ასე გამოეხმაურა სანაია ამ გადაწყვეტილებას. მანამდე გაკეთებულ კომენტარში ის ამბობს, რომ არ ადარდებს რას იზამენ შსს და სასამართლო, ის იტყვის და დაწერს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

ოქმი მის წინააღმდეგ შსს-ში შექმნილმა ახალმა უწყებამ შეადგინა, რომელსაც ოპონენტები ე.წ. “სქროლვა-სქრინვის სამმართველოს” უწოდებენ. ამ სამმართველოს წყალობით, არაერთი ადამიანი დაჯარიმდა ფეისბუკზე დაწერილი კომენტარების გამო.

რა ხდება?

როგორც ვახო სანაიამ ცოტა ხნის წინ დაწერა, 6000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ხალხს მოუწოდებდა არ მოეხსენიებინათ „ოცნების“ წევრები შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ანუ სასამართლომ ჩაუთვალა, რომ ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები რისკენაც სხვებს მოუწოდებდა არ გამოეყენებინათ ამ ადამიანებთან მიმართებით, თავად სტატუსის ავტორმა უწოდა ბოჟაძესა და პაპუაშვილს.

ამის შემდეგ სანაიას ცნობით მან მეორე სტატუსიც დაწერა, სადაც გულისტკივილი გამოთქვა: ასეთი კარგი მოწოდების გამო თუ მაჯარიმებთ 6 ათასი ლარით, მაშინ რაც გინდათ, ის ქენით და თუ გინდათ, დაუძახეთ ის ეპითეტებიო.

„მე ხომ დავწერე, ნუ უწოდებთ-მეთქი შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ყ****ს. ხო გახსოვთ, რომ ამის გამო დამაჯარიმეს. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ მე რეალურად იმ სტატუსით ლადოსა და შალვას ყ****ი ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოვუწოდე, არ ეწოდებინათ მათთვის ყ****ი.

[…] ამის შემდეგ დავწერე კიდევ ერთი სტატუსი, სადაც გულისტკივილი გამოვთქვი. პოსტის არსი ესაა : ასეთი კარგი მოწოდების გამო თუ მაჯარიმებთ 6 ათასი ლარით, მაშინ რაც გინდათ, ის ქენით, თუ გინდათ, დაუძახეთ ყ****ი და იყავით-მეთქი. […] კიდევ დავწერე, რომ ამ ბიჭების – შალვასა და ლადოს – ყ****ად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს. სასამართლოს ხელით, თვითონვე გამოაცხადეს ესენი ყ****ად. წარმოიდგინეთ, თუ მოვუწოდებ, რომ არ დაუძახოთ ყ****ი-მეთქი და მაჯარიმებ, ესე იგი, გინდა, რომ დაუძახონ.

[…] მოკლედ, სქროლვა/სქრინვის სამმართველომ ახლა ამ ორ სტატუსზეც მიჩივლა. სულ დავიბენი. მართლა ვერ გავიგე: დავუძახოთ — ჯარიმაა; არ დავუძახოთ — ჯარიმაა; თუ ვამბობთ, გინდ — დაუძახეთ და გინდ — არა, ამაზეც ჯარიმაა. რაღაც სხდომა დაუნიშნავთ ისევ. ახლა ეს საკითხი უნდა განიხილონ. მოსამართლე ზვიად ცეკვავაა”, — წერდა სანაია.

გამოხატვის თავისუფლების მაკონტროლებელი სამმართველო, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე პირველი ივნისიდან ფუნქციონირებს. მას ოფიციალურად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ჰქვია, თუმცა საზოგადოებაში „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტოს სახელითაა ცნობილი. ეს იმიტომ, რომ როგორც თავად სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამთა ქიმბარიშვილმა განმარტა, “სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა”. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური ქსელების სქროლვა [დათვალიერება], კომენტარებისა და პოსტების დასქრინვა [ეკრანზე არსებული გამოსახულების ფოტოდ ქცევა] და ამის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამ სამუშაოს შესრულებისთვის სამმართველოში 10 ადამიანი დაასაქმეს.

რა პრინციპით მუშაობს სამმართველო, როგორ არჩევს პოტენციურ სამართალდამრღვევებს და მათი გამოვლენის სავარაუდო ველს 10 თანამშრომელი სოციალურ ქსელებში, სადაც ყოველდღიურად მილიონობით კომენტარი იწერება, ამის განმარტებაზე უწყებიდან უარია ყველა ჯერზე, რამდენჯერაც ეს კითხვა ისმის მედიისა თუ ადვოკატების მხრიდან.

ერთი თვის გასვლის შემდეგ, პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, სამმართველომ 170 „სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი“ გამოავლინა. განახლებული სტატისტიკა ივლისის ბოლოს იქნება მისაწვდომი.

სამმართველოს მიერ გამოვლენილ და გასამართლებულ სამართალდამრღვევებს შორის იყვნენ:

სინდისის ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძე, რომელმაც „შენი რუსი დდშვც“ დაწერა ვატო შაქარაშვილის მისამართით [დაჯარიმდა 3000 ლარით]. ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის პოსტზე კანადაში ვიზიტთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარისთვის „მანდაც დედის ტრ**ი უნდა გაგინონ, თუ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?“ [დაჯარიმდა 4000 ლარით]. აქტივისტი თამუნა გიორგაძე ფეისბუკზე ბიძინა ივანიშვილის დაწყევლისთვის [დაჯარიმდა 3000 ლარით]. გიორგი მელთაური, რომელმაც მის მეგობარ, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეზე თავდასხმის შესახებ დაწერილი პოსტის კომენტარებში უმისამართოდ შეაგინა „ტიტუშკებს“ [დაჯარიმდა 2000 ლარით]. ემიგრანტი ივანე კოდელაშვილი, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფისთვის [დაჯარიმდა 4000 ლარით]. ხელოსანი ზურა ოსიყმაშვილი, რომელმაც ოცნებისადმი ლოიალური ყალბი ანგარიშის გვერდზე მიაყენა შეურაცხყოფა ვახო სანაიას [დაჯარიმდა 2000 ლარით]. პენსიონერი გრიგოლ ზამბახიძე მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფისთვის [დაჯარიმდა 4000 ლარით].

და მრავალი სხვა. ყველა ამ ადამიანს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე ან 173 (16) მუხლებით.

166-ე მუხლი [წვრილმანი ხულიგნობა] არეგულირებს „საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს“. ისჯება ჯარიმით 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობით 20 დღემდე. განმეორებისას ჯარიმა იზრდება 5000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა — 60 დღემდე. წინა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, განმეორებაზე პირდაპირ პატიმრობაა არანაკლებ 30 დღისა.

173 (16) მუხლი არეგულირებს ასევე „სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას“ ოღონდ სახელმწიფო/პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ისჯება ჯარიმით 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე, ან პატიმრობით 45 დღემდე. განმეორებისას ჯარიმა იზრდება 2500-დან 6 000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა — 60 დღემდე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი