
დიუშენის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა - სარჯველაძე - Netgazeti
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 31 ივლისს, განაცხადა. მისი თქმით, იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რომელთანაც „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
„ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც დაეხმარნენ სახელმწიფოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. სამინისტროსთვის მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვისთვის პროცესში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტზე მოლაპარაკებები გრძელდება.
„რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომელზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ინფორმაციას გავუზიარებთ“,- განაცხადა სარჯველაძემ.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს თითქმის 2 წლის განმავლობაში ჰქონდათ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან მათი შვლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანის მოთხოვნით.
2025 წლის მიწურულს მათ წამლის მოთხოვნით აქციების გამართვა დაიწყეს, რადგან ჩათვალეს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან დახურულ კარს მიღმა კომუნიკაცია უშედეგო იყო. თავდაპირველად აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა, 2026 წლიდან კი პროტესტმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. ამავე პერიოდიდან მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, კობახიძე მათ მოთხოვნას უგულებელყოფდა. 2026 წლის 20 აპრილიდან მშობლებმა 24-საათიანი პროტესტი დაიწყეს – ისინი, მხარდამჭერებთან ერთად, მორიგეობით ათენებდნენ ღამეს მთავრობის ადმინისტრაციას.
პარალელურად, იმართებოდა ყოველკვირეული მარშები და ერთკაციანი აქციები “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
პირველ ივნისს მშობლებმა ღია წერილით მიმართეს ბიძინა ივანიშვილს და სთხოვეს, დაინტერესებულიყო დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემით, მოესმინა მათი ხმა და ხელი შეეწყო ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებიც მათ შვილებს მისცემდა სიცოცხლის, მოძრაობისა და უკეთესი მომავლის შანსს.
ივანიშვილისთვის წერილის მიწერიდან 2-დღეში, 3 ივნისს, ირაკლი კობახიძე მშობლებს შეხვდა და მოუსმინა. მეორე დღეს, 4 ივნისს კი ისინი უკვე შეთანხმდნენ ჯგუფის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შესყიდვაზე. საუბარია მშობლების მიერ მოთხოვნილი 4 მედიკამენტიდან [ელევიდისი, ჯივინოსტატი, ეგზონ-სქიფინგი, ვამოროლონი სხვადასხვა ტიპის თერაპიაში გამოიყენება და სხვადასხვა საჭიროებებს პასუხობს] 2 მედიკამენტზე, თუმცა, რომლებზე — ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
ამავე თემაზე:
„საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით 2 თვეში“ — ექნებათ წამალი დიუშენის პაციენტ ბავშვებს?
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge