
ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოს - Netgazeti
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თბილისი „აშკარა ფაქტებს ამახინჯებს“.
აქვე ცხინვალის საგარეო უწყება ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ აღიარა.
„სინამდვილეში, ეს თავიდანვე იყო ცნობილი და სამხრეთ ოსეთი ამის შესახებ ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დე ფაქტო საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ სააკაშვილს არ ეკისრება.
„ასევე სრულიად ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უფლებამოსილი იყო საქართველოს სახელმწიფოს სახელით ემოქმედა და გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები, ატარებდა რა ანტიოსურ და ანტიაფხაზურ პოლიტიკას.
ამიტომ პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომზე უნდა აიღოს ქვეყანამ, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტმა, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებმა“, – აცხადებენ ცხინვალში.
დე ფაქტო სამინისტრო საქართველოს „სამშვიდობო პოლიტიკას“ ასევე აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 1989 წლიდან „ეთნიკური წმენდის შედეგად ასი ათასზე მეტი ეთნიკური ოსი გააძევეს”.
„ათასობით მსხვერპლი და დამახინჯებული ბედი, ბლოკადა და ნგრევა, ასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი, რომელთა ბედზეც საქართველოს ხელისუფლება დუმს, ეს არის ქართული მშვიდობისმოყვარეობის ნამდვილი სახე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთისთვის „უსაფრთხოების საიმედო გარანტიაა“ და თბილისს მოუწოდებს, „სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს“ თავი დაანებოს და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში „უფრო კონსტრუქციული პოზიცია“ დაიკავოს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge