
კობახიძემ სააკაშვილი დამნაშავედ აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს - ცხინვალის ე.წ. საგარეო
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა და სადაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ. დე ფაქტო უწყება საქართველოს საგარეო უწყების პოზიციას არალოგიკურს და ტენდენციურს უწოდებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატოს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. კიდევ ერთხელ ვაქცევთ მეზობელი სახელმწიფოს საგარეო უწყების ყურადღებას აშკარა ფაქტების დამახინჯების მიუღებლობაზე“, - ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები თავიანთ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებსაც ეყრდნობიან.
„შევახსენებთ, რომ სიტყვასიტყვით გუშინწინ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. სინამდვილეში, ეს თავიდანვე ცნობილი იყო და ამის შესახებ სამხრეთ ოსეთი მთელი ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა.
ასევე სრულიად აშკარაა, რომ მხოლოდ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი გამოსულიყო ქართული სახელმწიფოს სახელით, გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები და გაეტარებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა. ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ქვეყანამ, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტმა, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის პერსონაჟებმაც, როგორც ობიექტებმა, რომლებიც მის პოლიტიკას ახორციელებდნენ“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოყვანილ შეფასებებს „სინამდვილეს აცდენილს“ უწოდებს და რუსეთთან არსებულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.
„სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო ორმხრივ ურთიერთობებს მყარი სამართლებრივი ბაზა აქვს. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, თავი შეიკავოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებისგან და დაიკავოს უფრო კონსტრუქციული პოზიცია, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში“, - აღნიშნულია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება დაადანაშაულეს. დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველი გუნდი ომის დაწყებაზე საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გულისხმობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პასუხისმგებლობა იმდროინდელ ხელისუფლებას დაუკავშირეს და მოქმედი საქართველოსგან გამიჯნეს.
ამ პოზიციის ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებს.
უწყების განცხადებით, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. სამინისტროს შეფასებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის გაფართოებას, მათ მილიტარიზაციას და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
BM.GE
წყარო: bm.ge