
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა - Netgazeti
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, — აცხადებს სუსი.
სუსი არ წერს საქართველოს მოქალაქის ვინაობას, თუმცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცნობით, საუბარია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მკვიდრზე, 46 წლის გიორგი ხარაიშვილზე, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის“ განზრახ უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლეს.
„ხარაიშვილის გათავისუფლება სასჯელის ვადის გასვლის გამო მოხდა“, — აცხადებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge