
კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა - Netgazeti
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. ამ თემაზე მან „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
მისივე თქმით, ერეკლე მეორე რისკებსაც ხედავდა, მაგრამ, „რაც მთავარია, მას ჰქონდა დანახული ის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი იმ მომენტში ქვეყნის გადარჩენისთვის.
კითხვაზე, რუსეთმა რომ არც ეს შეთანხმება შეასრულა, კობახიძემ უპასუხა, რომ სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, ეს შეთანხმებაც სრულდებოდა.
„გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე გავიდა თითქმის 20 წელი, შესაბამისად, უმუშავია [ტრაქტატს], იმ წლების განმავლობაში, ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა, ეგზისტენციური საფრთხე ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, გადარჩა და როდესაც გარდაიცვალა ერეკლე მეორე, შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო“, – თქვა კობახიძემ.
გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს გაფორმდა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. შეთანხმებით მოსკოვმა აიღო ვალდებულება ქართლ-კახეთის დაცვაზე, თუმცა, როცა ამის საჭიროება გაჩნდა, 1795 წელს, რუსეთმა მარტო დატოვა ერეკლე II და მისი არმია აღა მაჰმად ხანის ლაშქრის წინააღმდეგ.
1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის შეერთებაზე – შეთანხმება ასეთ რამეს არ ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, შეთანხმების მორიგი დარღვევით, 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც, ტრაქტატის მიხედვით, ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge