
შიო III კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გეგმავს ვიზიტს - Netgazeti
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის კონსტანტინოპოლში მომავალი ვიზიტის შესახებ საუბარს.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა მეტად გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
“სტუმარმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის მონაწილეებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონია და ამ დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ამ ვიზიტისა და თანაგრძნობისთვის მსოფლიო პატრიარქის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გაიხსენა მისი პატრიარქად აღსაყდრების დღე და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის გულთბილი მილოცვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქის მიმართვას სტუმრისადმი.
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე ემანუელ, მოგესალმებით დიდი სიყვარულით საქართველოს საპატრიარქოში. ეს ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩემი ინტრონიზაციის შემდეგ. მოხარული ვართ, ჩვენს მეუფეებთან ერთად, რომ თქვენი სტუმრობით დღეს, ერთი მხრივ, ოფიციალურად წარმოადგენთ მსოფლიო საპატრიარქოს, მეორე მხრივ კი, ჩვენ უკვე იმდენჯერ შევხვედრილვართ ერთმანეთს მეგობრულ ვითარებაში, რომ ეს არის ასევე მეგობრული განწყობის მქონე შეხვედრაც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ჩვენს შეკრებას და იმედს იძლევა შემდგომ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ, მის ყოვლადუწმინდესობას ჩვენგან გადასცეთ თხოვნა მის წმინდა ლოცვებში მოხსენიებისა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ მისი ყოვლადუწმინდესობის და ასევე პირადად თქვენს ძალიან თბილ და ამაღლებულ დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი, მისი პიროვნებისადმი (როცა ის ცოცხალი იყო), რასაც მისი ყოვლადუწმინდესობა და თქვენ ავლენდით და ავლენთ მის მიმართ.
მინდა, აღვნიშნო მისი ყოვლადუწმინდესობის განსაკუთრებული სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს სიტყვა ნამდვილი ძმური სითბოთი და სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით იყო განმსჭვალული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე თვეები იყო მისი უწმინდესობის გარდაცვალების დღეები და შემდეგ მის გარეშე ჩვენი ეკლესიის ცხოვრების გაგრძელება.
და აი, ღვთის წყალობით, მოხდა ჩემი გამორჩევა კათოლიკოს-პატრიარქად. მინდა, გავიხსენო და არასდროს დამავიწყდება მისი ყოვლადუწმინდესობის მოლოცვის სიტყვები, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება და მოგვილოცა ჩვენ, ყველას“, – განაცხადა შიო მესამემ.
„ძალიან დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. ჩემთვის, ყოვლადუწმინდესობის წარმომადგენლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ გადმოგცეთ მისი უწმინდესობის ძმური მოკითხვა და საუკეთესო სურვილები. საქართველოში ჩამოვედი ორმაგი სიხარულით, რომ მოგილოცოთ კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. მინდა, ხაზი გავუსვა ორი საპატრიარქოს – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს – ახლო ურთიერთობას. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დატოვებული მემკვიდრეობა. თქვენს არჩევას, გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ჩვენ ვაფასებთ, როგორც ძალიან დადებით მოვლენას. ეს საფუძველი იქნება იმ საუკუნოვანი, ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობების გაგრძელებისა, რაც არსებობს ამ ორ ეკლესიას შორის. მისმა ყოვლადუწმინდესობამ გამომგზავნა, რომ გადმოგცეთ ეს გზავნილი და შეტყობინება: დიდი სიხარულით გელოდებით.
თავად მისი ყოვლადუწმინდესობა ძალიან უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს“, – განაცხადა სტუმარმა შეხვედრის მიმდინარეობისას.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge