
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდება - Netgazeti
თეთრი სახლი აკვირდება გავრცელებულ ცნობებს რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევისა და მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების შესახებ. ამის შესახებ ცნობას გამოცემა Axios ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს ქალის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც შავი ჭირის კვლევისა და კონტროლის ცენტრში მუშაობდა, თუმცა მათ არ დაუდასტურებიათ, რომ იგი ამ დაავადებით დაინფიცირდა.
Axios-ის წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ინფორმირებულია, აკვირდება ეპიდაფეთქებას და აფასებს ვარიანტებს“.
ადგილობრივი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, 25 სექტემბერს 28 წლის დარია შიპილოვამ, რომელიც რუსეთში, ირკუტსკის ოლქის შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, გატეხა სინჯარა, რომელიც ფილტვის ჭირის გამომწვევ პათოგენს შეიცავდა.
29 სექტემბერს შიპილოვა მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებამ ოლქის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა და თითქმის 200 ადამიანი, რომლებსაც შიპილოვასთან კონტაქტი ჰქონდათ, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფებს დაავადების არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდათ და მათი ტესტის პასუხები უარყოფითი იყო.
რუსული მედიასაშუალებები ვარაუდობდნენ, რომ შიპილოვა შესაძლოა ფილტვის ჭირით იყო დაინფიცირებული, თუმცა ჯანდაცვის უწყებებმა ეს დიაგნოზი არ დაადასტურეს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შიპილოვას „გაურკვეველი ეტიმოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა და დამატებითმა ტესტებმა ვერ აღმოაჩინა რაიმე მიკროორგანიზმები, რომლებიც მის სამუშაოსთან იქნებოდა დაკავშირებული. სამინისტრომ დასძინა, რომ ოლქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილური რჩება.
Axios-მა აღნიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ჭირი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული დაავადებაა, თუმცა მისი განკურნება შესაძლებელია დროული ანტიბიოტიკოთერაპიით.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge