
„მიმდინარეობს შიდა განხილვები“ - ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულა - Netgazeti
სახალხო დამცველს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არ აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. 19 ოქტომბერს პარტია „ლელომ“ ომბუდსმენს მოუწოდა, არ დარჩენილიყო პროცესის მიღმა და წარმოედგინა სამართლებრივი პოზიცია.
ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ გვითხრა, რომ მათთვის ცნობილია პარტიის მიმართვის შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით „შიდა განხილვები“ მიმდინარეობს.
„ჩვენთვის ცნობილია „ლელოს“ წარმომადგენლის მომართვის შესახებ, ამაზე მიმდინარეობს შიდა განხილვები და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი, აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. […] დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“, – თქვა გვარამაძემ.
დღეს, სარჩელის განხილვის დროს, ამ საკითხით კიდევ ერთხელ დაინტერესდა „ლელოს“ წარმომადგენელი თორნიკე ართქმელიძე და პლენუმის წევრებს ჰკითხა, ხომ არ მიუღიათ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
მას უპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მოსაზრება წარმოდგენილი არაა.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს.
სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო და დაგეგმილია, რომ 23 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
იხილეთ ასევე:
„ლელო“ ითხოვს, ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge