მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში - საიას მიმოხილვა - Netgazeti
პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში - საიას მიმოხილვა - Netgazeti

პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში - საიას მიმოხილვა - Netgazeti

ნეტგაზეთი27 ოქტომბერი, 2026, 14:18|netgazeti.ge

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 9 საქმე. ამ საქმეებში შეფასდა პოლიტიკური პარტიების გაუქმების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს.

მიმოხილვაში მოყვანილი 7 საქმეში სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა, რადგან პარტიების გაუქმება ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ორ საქმეში კი სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით პარტიების გაუქმება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ და გამართლებულ ღონისძიებად მიიჩნია.

გთავაზობთ საქმეების მიმოხილვას უცვლელად:

„სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ შეზღუდვები ვიწროდ უნდა განიმარტოს და მათი გამართლება მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლებითაა შესაძლებელი. პარტიის გაუქმება უკიდურესი ღონისძიებაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს“

საქმე Herri Batasuna and Batasuna v. Spain (2009) – კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ორივე პარტია დაშალა იმ დასკვნის საფუძველზე, რომ მათი ქმედებები ETA-ს ტერორისტული სტრატეგიის განხორციელებას ემსახურებოდა და მათსა და ამ ორგანიზაციას შორის კავშირი არსებობდა. ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ პოლიტიკური პარტიის გაუქმება უკიდურესი ღონისძიებაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებული სიმძიმის შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს.

ჩარევის აუცილებლობის შეფასებისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად კრიტერიუმზე: არსებობდა თუ არა სარწმუნო მტკიცებულებები, რომ დემოკრატიისთვის საფრთხე საკმარისად და გონივრულად იყო მოახლოებული და ქმნიდა თუ არა პარტიისთვის მიკუთვნებული განცხადებები და ქმედებები ერთობლიობაში საზოგადოების ისეთ მოდელს, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ცნებასთან.

ამ კრიტერიუმების გამოყენებისას სასამართლო არ შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ პარტიებმა ETA-ს თავდასხმები არ დაგმეს. მან გაითვალისწინა სხვა ქმედებებიც, რომლებსაც ეროვნული სასამართლოები სოციალური დაპირისპირების გაღვივებასა და ETA-ს ტერორისტული საქმიანობის ირიბ მხარდაჭერას უკავშირებდნენ. მტკიცებულებების დეტალური შეფასების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ გონივრულად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების დასკვნა პარტიებსა და ETA-ს შორის კავშირის შესახებ. ესპანეთში, განსაკუთრებით ბასკეთის რეგიონში, წლების განმავლობაში არსებული ტერორისტული თავდასხმების კონტექსტში კი აღნიშნული კავშირი დემოკრატიისთვის ობიექტურ საფრთხედ შეაფასა.

საქმეები, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია.

საიას მიმოხილვას უცვლელად გთავაზობთ.

მსგავსი პრინციპი განავითარა სასამართლომ საქმეში Socialist Party and Others v. Turkey (1998), რომელშიც პარტია ყოფილი თავმჯდომარის განცხადებების საფუძველზე აიკრძალა. აღნიშნული განცხადებები ეხებოდა ქურთი ხალხის თვითგამორკვევას და თურქეთში ფედერალური სისტემის დამკვიდრებას, რასაც თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განცხადებები არ შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას, აჯანყების წახალისებას ან დემოკრატიული პრინციპების უარყოფას. პირიქით, პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკური რეფორმების დემოკრატიული გზით, არჩევნებისა და რეფერენდუმის საშუალებით განხორციელების აუცილებლობას უსვამდა ხაზს. სასამართლომ განმარტა, რომ პოლიტიკური პროგრამის შეუთავსებლობა სახელმწიფოს არსებულ მოწყობასთან თავისთავად არ ნიშნავს მის შეუთავსებლობას დემოკრატიის პრინციპებთან. დემოკრატიის არსებითი მახასიათებელია განსხვავებული პოლიტიკური პროგრამების შეთავაზებისა და განხილვის შესაძლებლობა, მათ შორის ისეთი პროგრამებისა, რომლებიც სახელმწიფოს არსებული მოწყობის შეცვლას ითვალისწინებს, იმ პირობით, რომ ისინი თავად დემოკრატიას არ აზიანებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პარტიის გაუქმება, მისი ქონების ლიკვიდაცია და ხელმძღვანელებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა უკიდურესად მკაცრი ღონისძიებები იყო, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებული სიმძიმის შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს.

საქმეში Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey (1999) დიდმა პალატამ ასევე დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. პარტია დაშალეს მისი პროგრამის საფუძველზე, რომელიც ქურთული საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტასა და თვითგამორკვევას ეხებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პროგრამა არ შეიცავდა ძალადობისკენ მოწოდებას, აჯანყების წახალისებას ან დემოკრატიული პრინციპების უარყოფას. მან ხაზი გაუსვა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პროექტების შეთავაზება და განხილვა, მათ შორის სახელმწიფოს არსებული მოწყობის შეცვლის წინადადებები, დემოკრატიის არსებითი მახასიათებელია, თუ ეს პროექტები თავად დემოკრატიას არ აზიანებს.

საქმეში Yazar and Others v. Turkey (2002) სასამართლომ ერთხმად დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხალხთა შრომის პარტია (HEP) დაშალა მისი ლიდერებისა და წარმომადგენლების განცხადებებისა და საქმიანობის საფუძველზე, რომლებიც, ეროვნული სასამართლოს შეფასებით, საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ ერთიანობას. შეფასებისას სასამართლომ გაითვალისწინა აგრეთვე პარტიის წარმომადგენლების განცხადებები PKK-ის (ქურთისტანის მუშათა პარტია) საქმიანობასთან დაკავშირებით. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ თვითგამორკვევისა და ენობრივი უფლებების აღიარების მოთხოვნა თავისთავად არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ იდეების მხარდაჭერის ტერორიზმის მხარდაჭერად მიჩნევა შეამცირებდა საკითხების დემოკრატიული დებატების ფარგლებში განხილვის შესაძლებლობას და შეიარაღებულ ჯგუფებს მისცემდა ამ იდეების მონოპოლიზების საშუალებას.

მსგავსი მიდგომა გამოიყენა სასამართლომ საქმეში HADEP and Demir v. Turkey (2010), რომელშიც პარტიის გაუქმებით კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დადგინდა. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია დაშალა იმ დასკვნის საფუძველზე, რომ ის უკანონო საქმიანობის ცენტრად იყო ქცეული და PKK-ს ეხმარებოდა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ HADEP-ის პროგრამა გმობდა ძალადობას და ითვალისწინებდა დემოკრატიულ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებსა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან თავსებად პოლიტიკურ გადაწყვეტებს. ამასთან, ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების მოქმედებების „ბინძურ ომად“ (dirty war) შეფასება სასამართლომ მთავრობის პოლიტიკის მკაცრ კრიტიკად მიიჩნია, რომელიც არ ახალისებდა ძალადობას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას და თავისთავად ვერ ადასტურებდა პარტიის კავშირს შეიარაღებულ ჯგუფებთან. სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა HADEP-ის მიერ PKK-ის ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერას და პარტიის გაუქმება არ პასუხობდა „გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“.

საქმეში Republican Party of Russia v. Russia (2011) ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. რუსეთის ხელისუფლებამ 1990 წელს დაფუძნებული პარტია 2007 წელს დაშალა, რადგან ის ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მინიმალური წევრობისა და რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნებს. პარტიას უნდა ჰყოლოდა სულ მცირე 50 000 წევრი და არანაკლებ 45 რეგიონული ფილიალი, თითოეულში 500-ზე მეტი წევრით. სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტიის წესდებასა თუ პროგრამაში არაფერი მიუთითებდა მის არადემოკრატიულ ხასიათზე და მისი არსებობის 17 წლის განმავლობაში მას არ ედებოდა ბრალი ძალადობის გამოყენებაში ან დემოკრატიული სისტემის ძირის გამოთხრაში. პარტიის გაუქმების ერთადერთი საფუძველი წევრთა მინიმალური რაოდენობისა და რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა იყო. სასამართლომ ასევე გაუსვა ხაზი წევრთა მინიმალური რაოდენობის მოთხოვნის მკვეთრ ზრდასა და კანონმდებლობის ხშირ ცვლილებას, რამაც რეგულარულ შემოწმებებთან ერთად პარტიებს არაპროპორციული ტვირთი დააკისრა. რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ გაითვალისწინა, რომ პარტია მოქმედებდა როგორც საერთო ეროვნული პოლიტიკური ძალა, არ უჭერდა მხარს სეპარატისტულ შეხედულებებს და, პირიქით, მისი წესდება ქვეყნის ერთიანობასა და მრავალეთნიკური მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას ითვალისწინებდა. ამ გარემოებებში სასამართლომ ვერ დაინახა, როგორ ემსახურებოდა პარტიის გაუქმება სახელმწიფოს მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს. შესაბამისად, მან დაასკვნა, რომ პარტიის გაუქმება არაპროპორციული იყო და დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი.

საქმეში Party for a Democratic Society (DTP) and Others v. Turkey (2016) ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პარტიის პროგრამა გმობდა ძალადობას და ითვალისწინებდა დემოკრატიულ, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებთან თავსებად პოლიტიკურ გადაწყვეტებს. მან ასევე განმარტა, რომ ქურთული იდენტობის აღიარებისა და ქურთული საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერა თავისთავად არ ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ იდეების ადვოკატირების ტერორიზმის მხარდაჭერად მიჩნევა კი შეამცირებდა მათ შესახებ დემოკრატიული დებატების შესაძლებლობას და შეიარაღებულ ჯგუფებს ამ იდეების მონოპოლიზების საშუალებას მისცემდა. რაც შეეხება პარტიის თანათავმჯდომარეთა განცხადებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი არ ახალისებდა ძალადობას, შეიარაღებულ წინააღმდეგობას ან აჯანყებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტიის მიერ ზოგიერთი წევრისა და ადგილობრივი ლიდერის განცხადებებისა და ქმედებებისგან მკაფიო გამიჯვნის არარსებობის გამო ზომების მიღება შესაძლოა „გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“ პასუხობდა. თუმცა, ამ უმოქმედობის შედარებით შეზღუდული გავლენის გათვალისწინებით საზოგადოებრივ წესრიგსა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ის თავისთავად ვერ გაამართლებდა მთელი პოლიტიკური პარტიის გაუქმებას. შესაბამისად, პარტიის გაუქმება არაპროპორციულად იქნა მიჩნეული და კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დადგინდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი|რომან გოცირიძეBM.GE
  • საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვსფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
აკრძალვის →სასამართლოში →პარტიების →

მსგავსი სტატიები

აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ

აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენ

ნეტგაზეთი