
ფაშინიანი არ გამორიცხავს, სომხეთმა EU-ში გაწევრიანების განაცხადი 2027-28 წლებში შეიტანოს - Netgazeti
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი მომავალ ან 2028 წელს შეიტანოს.
„როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ, დემოკრატიულ კლუბში ყოფნა გინდა. გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ არა მარტო ტექნიკური ნაბიჯი, დავაჭიროთ აპლიკაციის გაგზავნის ღილაკს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელ ამ პროცესს თან ახლდეს პოლიტიკური დიალოგი ამ საკითხზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დრო დადგება და არც ისე შორს არის“, — განაცხადა ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე.
მას გაწევრიანების განაცხადის შეტანის კონკრეტულ წელზეც ჰკითხეს.
„[წელს] არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომდევნო წელი შეიძლება იყოს რეალისტური, 2028 წელიც შეიძლება იყოს რეალისტური. მაგრამ ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე და ჩვენი მიზანია, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა 2029 წელს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში. ახლა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, შევიტანოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე“, — განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპულმა პოლიტიკამ სომხეთი რეგიონს არ მოსწყვიტოს. პირიქით, სომხეთისთვის სასარგებლოა ის გარემოება, რომ მისი ოთხი მეზობლიდან ორი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა: საქართველო და თურქეთი.
„იმედი მაქვს, ჩვენ ვიქნებით მესამე. მაგრამ ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა კანდიდატობა არაა, სრული წევრობაა“, — განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, იცის, რომ შეუძლებელია სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის წევრი და მომავალში არჩევანის გაკეთება მოუწევს, გადაწყვეტილება კი სომხეთის მოქალაქეების მისაღებია.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს როლზე სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესში.
„ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებით დავუჭერთ მხარს საქართველოს, რათა მან თავისი ევროპული მისწრაფება განახორციელოს, რადგანაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაგვეწყო, ჩვენ შთაგონებული ვიყავით ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მტკიცე ნებით, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია — მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ევროპული პერსპექტივების აღქმის თვალსაზრისითაც“, — დასძინა ფაშინიანმა.
ფაშინიანი სომხეთის ევროინტეგრაციის მთავარ პრობლემად EU-საქართველოს გაყინულ დიალოგს ასახელებს
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge