მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
პოლიტიკა უნივერსიტეტებში - აკადემიური კრიზისი სამხრეთ კავკასიაში - Netgazeti

პოლიტიკა უნივერსიტეტებში - აკადემიური კრიზისი სამხრეთ კავკასიაში - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

როგორ ჩამოყალიბდა და როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; რა ტიპის განვითარების მოდელებს ხედავენ სპეციალისტები; როგორ განსხვავდება სისტემები ერთმანეთისგან და რა გავლენა აქვს პოლიტიკურ გარემო საერთაშორისო ინტეგრაციაზე – ინტერვიუ განათლების ექსპერტ ლელა ჩახაიასთან.

როგორ ჩამოყალიბდა და რა მიმართულებით ვითარდება უმაღლესი განათლების სისტემები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? რა ტიპის განვითარების მოდელებს ვხედავთ ამ ქვეყნებში და რამდენად არის ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული? [“ოცნების” დაანონსებული რეფორმის შემდეგ განსაკუთრებით].

დავიწყოთ ისტორიული კოტექსტით. სამივე ქვეყანამ 1990-იან წლებში მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა მოდელი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო: კვლევისა და სწავლების მკვეთრი გამიჯვნა (კვლევა მეცნიერებათა აკადემიებში, სწავლება – უნივერსიტეტებში); მკაცრი ცენტრალიზაცია და იდეოლოგიური კონტროლი და უნივერსიტეტების ვიწრო სპეციალიზაცია

2000-იანი წლებიდან სამივე ქვეყანა შეუერთდა ბოლონიის პროცესს, თუმცა მისი იმპლემენტაცია სხვადასხვა სიღრმით წარიმართა.

რა მსგავსებებია სისტემებს შორის – 90-იან წლებში სისტემები გაფართოვდა და კერძო სექტორის სწრაფი ზრდა მოჰყვა. სამივე სისტემის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების დაფინანსებაში სახელმწიფო დაფინანსების უკიდურესად დაბალი წილი, რომლის შედეგადაც სისტემები ძლიერ ეყრდნობა ოჯახების/სტუდენტების გადასახადებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში, სადაც სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მხოლოდ მშპ-ის 0.2%-ს ხარჯავს.

სახელმწიფოს მიერ გაღებული დაბალი ხარჯები შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ახსნა იმისა, რომ სამივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.

ასევე, სამივე სისტემა ხასიათდება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობით სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქვეყანაში მაღალია უმაღლესი განათლების დაფინანსებაში კერძო წყაროების წილი (ანუ სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადები), ისინი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან საჯარო და კერძო უნივერსიტეტების რაოდენობით.

საქართველო: საჯარო 19, კერძო 45 სომხეთი: საჯარო 26, კერძო 31 აზერბაიჯანი: საჯარო 33, კერძო 11

შეგვიძლია ვისაუბროთ განვითარების სამ განსხვავებულ ტრაექტორიაზე:

საქართველო: საბაზრო პრინციპების დომინანტურობა 2025 წლამდე

პოსტსაბჭოთა ტრანზიციამ აქაც მოიტანა კერძო სექტორის გაფართოება და სწავლის საფასურზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება (ზოგადად რეგიონული ლოგიკა). 2005 წელს საქართველო გახდა ბოლონიის პროცესის / EHEA-ს სრულუფლებიანი წევრი, რაც ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების გრძელვადიანი ჩარჩოა.ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების თავსებადობა ევროპულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებთან

ბოლო დროს დაანონსებული რეფორმები მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სისტემის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებას; დაგეგმილი ღონისძიებები დიდი ალბათობით გამოიწვევს საერთაშორისო იზოლაციას, ევროპულ უმაღლესი განათლების სისტემასთან დაშორებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ დაკარგა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ევროპული ასოციაციის წევრობა.

სომხეთი: “ევროპული ჩარჩო + ხარისხის უზრუნველყოფაზე ინსტიტუციური აქცენტი” და სისტემური განახლების მცდელობები

სომხეთშიც პოსტსაბჭოთა ტრანზიციამ შექმნა შერეული ეკოსისტემა (საჯარო და კერძო ინსტიტუტების თითქმის თანაბარი რაოდენობა).სომხეთში ხარისხის გარე უზრუნველყოფის მთავარი სააგენტოა ANQA, რომელიც არის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი. სომხეთში მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა განათლების განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2030-მდე, რომელიც მოიცავს განათლების ყველა საფეხურს. უმაღლეს განათლებაში მიზანი არის საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება ისე, რომ მინიმუმ 4 სომხური უნივერსიტეტი მოხვდეს მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში.

სომხეთში უმაღლესი განათლების ხედვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს „აკადემიური ქალაქის“ დაარსებისა და მშენებლობის გეგმა. პროექტი სომხეთის მთავრობამ 2022 წელს დააანონსა და ის ქვეყნის „2030 წლის განათლების სტრატეგიის“ ნაწილია.

მიმდინარე ეტაპი (2024-2025): პროექტი გადასულია პრაქტიკული დაგეგმარების ფაზაში. 2024 წელს მთავრობამ დაამტკიცა გენერალური გეგმა (Master Plan), რომელიც გერმანულმა არქიტექტურულმა ბიურომ (gmp Architekten) მოამზადა. შერჩეულია ლოკაცია ერევნის ჩრდილო-დასავლეთით (აშტარაკის გზატკეცილი).კონსოლიდაციის მოდელი: სომხეთი გეგმავს 6 სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასტერის შექმნას (ნაცვლად ამჟამინდელი ათეულობით გაფანტული ინსტიტუტისა). ესენია: კლასიკური, ტექნოლოგიური, ხელოვნების, განათლების, სამედიცინო და ოფიცერთა აკადემიური მიმართულებები.ინფრასტრუქტურა: ქალაქი გათვლილია 44,000 სტუდენტზე და ლექტორზე. ის მოიცავს არა მხოლოდ სასწავლო კორპუსებს, არამედ საცხოვრებლებს, კვლევით ლაბორატორიებს და ეროვნულ სტადიონსაც კი.

ერთი შეხედვით, საქართველოში დაანონსებული “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” მიდგომა შესაძლოა ჰგავდეს სომხეთის “აკადემიური ქალაქის” გეგმას, რადგან ორივე საჯარო უნივერსიტეტების რესურსების ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად. თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ სომხური “აკადემიური ქალაქის” შექმნის მთავარ პრინციპად სახელდება კვლევისა და სწავლების კავშირის, ასევე ინტერდისციპლინური განათლების გაძლიერება. საქართველოში კი პირიქით, ინტერდისციპლინურ განათლებას ხელი შეეშლება რეფორმის განხორციელების შემთხვევაში. ყველაზე დიდ განსხვავებას კი ის წარმოადგენს, რომ სომხეთში ეს გეგმა რამდენიმე წელზეა გაწერილი და ეტაპობრივად ხდება. სომხეთში რეფორმა აწყდება წინააღმდეგობას აკადემიური წრეებისგან, რომლებიც ამას “ავტონომიის ხელყოფად” და უძრავი ქონების გადანაწილების მცდელობად აღიქვამენ.

აზერბაიჯანი: სახელმწიფოს წამყვანი როლი

აზერბაიჯანის სისტემა რეგიონში ყველაზე მკაფიოდ ცენტრალიზებულია (ინსტიტუტების სტრუქტურითაც და, ზოგადად, პოლიტიკის ინსტრუმენტებითაც).

აქ განვითარების მიმართულება ხშირად ფორმულირდება სახელმწიფო პროგრამებით და კანონშემოქმედებითი ცვლილებებით:

2018 წლის პრეზიდენტის დადგენილებით დამტკიცდა “უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდის სახელმწიფო პროგრამა 2019–2023”, სადაც განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია კოორდინაციაზე და პრეზიდენტისთვის წლიურ ანგარიშგებაზე.ფორმალურად უმაღლესი განათლების კანონში მითითებულია, რომ უმაღლესი განათლების სისტემა უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს

აზერბაიჯანი უფრო მეტად ჰგავს ცენტრალიზებულ, სახელმწიფო-წამყვან მოდერნიზაციას, სადაც საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა და “ევროპული სივრცე” ხშირად არის რეფერენსი, მაგრამ ინსტრუმენტები ძირითადად პროგრამულ-სახელმწიფოებრივია (დადგენილებები, სახელმწიფო პროგრამები, ცენტრალური ჩარჩოები).

აზერბაიჯანული უმაღლესი განათლების სისტემა ასევე ხასიათდება ცალკეული ელიტური სასწავლებლების არსებობით, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია, ბაქოს ნავთობის სკოლა, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი. ეს სასწავლებლები პირდაპირ პრეზიდენტის პატრონაჟითა და ნავთობის ფონდების დაფინანსებით არის შექმნილი.

რა პოლიტიკური რეჟიმები, სახელმწიფო მართვის სტილი და ხელისუფლების დამოკიდებულება აკადემიური სფეროს მიმართ განსაზღვრავს ამ განსხვავებებს? რამდენად შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი განათლება ამ ქვეყნებში პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელია?

სამივე ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები როგორც აკადემიური თავისუფლების, ასევე ინსტიტუციური ავტონომიის თვალსაზრისით.

რა არხებით შეიძლება მოახდინოს პოლიტიკურმა რეჟიმმა გავლენა უმაღლეს განათლებაზე? პრაქტიკაში გავლენა შემდეგი საშუალებებით შეიძლება მოხდეს:

ლიდერობის შერჩევა/დანიშვნა (რექტორები, საბჭოები, დეკანები). თუ მმართველობა პოლიტიკური დანიშვნებით იმართება, ავტონომია სუსტდება.ფინანსირება და რესურსების გადანაწილება. ბიუჯეტის “დამოკიდებულება” ზრდის პოლიტიკურ კონტროლს; კონსოლიდაცია/რესტრუქტურიზაციაც შეიძლება გახდეს პოლიტიკური ბერკეტი (ვის რა რჩება/ვინ რას კარგავს).აკრედიტაცია/ხარისხის უზრუნველყოფა. თუ QA ინსტიტუტი რეალურად დამოუკიდებელი არაა, პროგრამები/კადრები ადვილად პოლიტიზდება.კურიკულუმი და “სენსიტიური თემები”. ისტორია/იდენტობა/კონფლიქტები განსაკუთრებით მგრძნობიარეა.სამოქალაქო სივრცე (მედია, NGO-ები, შეკრება/პროტესტი). როცა სამოქალაქო სივრცე იზღუდება, უნივერსიტეტში კრიტიკული დებატიც და კვლევითი თავისუფლებაც რისკშია.

რაც შეეხება ქვეყნების შედარებას რეჟიმის/მმართველობის სტილით და აკადემიის მიმართ დამოკიდებულებით.

აზერბაიჯანი: “კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი” და დაბალი დამოუკიდებლობა

Freedom House 2025-ში აზერბაიჯანი შეფასებულია როგორც არათავისუფალი (7/100) და აღწერილია, როგორც რეჟიმი, სადაც ძალაუფლება ძლიერ კონცენტრირებულია, ოპოზიცია და დამოუკიდებელი აქტივიზმი შეზღუდულია. ამ კონტექსტში ხელისუფლება დიდი ხანია ზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას; დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს ოპოზიციასთან კავშირის გამო ათავისუფლებდნენ, ხოლო სტუდენტები მსგავსი მიზეზებით ისჯებოდნენ.

სეთ რეჟიმში უნივერსიტეტების პოლიტიკური დამოუკიდებლობა ჩვეულებრივ სტრუქტურულად დაბალია.

სომხეთი: “პარტიულ-კონკურენტული/რეფორმისტული ტრანზიცია” და საშუალო დამოუკიდებლობა

Freedom House 2025-ში სომხეთი არის ნაწილობრივ თავისუფალი (54/100)

სომხეთის უმაღლესი განათლების სივრცეში უფრო ფართო პლურალიზმი და კონკურენტული პოლიტიკა, როგორც წესი, ზრდის სივრცეს აკადემიური დებატისთვის. თუმცა უსაფრთხოების მძიმე გარემო/რეგიონული დაძაბულობა (რაც იმავე მიმოხილვაშიცაა ნახსენები) ხშირად აძლიერებს სახელმწიფოს “უსაფრთხოების ლოგიკას”, რაც უნივერსიტეტებზეც ირიბად აისახება. სომხეთში დამოუკიდებლობა ზოგადად უფრო რეალისტურია, ვიდრე აზერბაიჯანში, მაგრამ მაინც მოწყვლადია პოლიტიკურ-უსაფრთხოების ციკლების მიმართ.

საქართველო: ჰიბრიდული პლურალიზმი, დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები და მზარდი რისკები (განსაკუთრებით რეფორმის ფონზე)

Freedom House 2025-ში საქართველო არის ნაწილობრივ თავისუფალი (55/100) და ქულა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფიაში მოცემული განაცხადები უხეშად არღვევს ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების ნორმებს: რესურსების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით გაკეთებული განაცხადი, როგორიცაა ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას “ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით,” ეწინააღმდეგება უნივერსიტეტების ავტონომიას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი აკადემიური საქმიანობის პროფილის, პრიორიტეტებისა და ორგანიზების შესახებ. ასევე აკადემიურ ავტონომიაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა. სტუდენტთა მისაღები კვოტების ხისტად “სახელმწიფო დაკვეთის” და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა. 3 (ბაკალავრიატი) +1 (მაგისტრატურა) სისტემის განსაზღვრა. 3+1 სისტემის განსაზღვრა აკადემიური ავტონომიისა და თავისუფლების უხეში დარღვევაა. კონცეფციაში განსაზღვრული და მისი წარდგენისას გახმიანებული აკადემიური პერსონალის საკადრო პოლიტიკა უხეშად არღვევს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მართვის ავტონომიას.

თქვენი შეფასებით, რომელი ქვეყანა არის ყველაზე მეტად ინტეგრირებული საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით სივრცეში?

საერთაშორისო ინტეგრაციის შეფასების კრიტერიუმებად შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი: Erasmus+ მობილობა, ერთობლივი პუბლიკაციები, ბოლონიის პროცესის იმპლემენტაცია.

საქართველო ჯერჯერობით კვლავ რჩება ყველაზე მეტად ინტეგრირებულად დასავლურ აკადემიურ სივრცეში, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. თუმცა რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები, თუ განხორციელდა, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ხარისხის უზურნველყოფის სისტემის თავსებადობას ევროპულ და სხვა საერთაშორისო ხარისხის აღიარების ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის რეესტრი (EQAR), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია (ENQA), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME). ამ სტანდარტებისგან გადახრა სერიოზულ რისკებს უქმნის საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების სანდოობას, შედარებადობასა და საერთაშორისო რეპუტაციას.

აზერბაიჯანი წარმატებულია ინდივიდუალური, მაღალბიუჯეტიანი პარტნიორობებით (მაგ. BP-ის მხარდაჭერით ან თურქულ უნივერსიტეტებთან).

სომხეთი ტრადიციულად მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ფრანკოფონიის სივრცესთან, ისე რუსულ აკადემიურ წრეებთან. თუმცა, 2025 წლის ევროკომისიის მონაცემების თანახმად, სომხეთის მონაწილეობა იზრდება ევროპულ კვლევით პროექტებში

რამდენად არსებობს რეალური პოტენციალი სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობისთვის უმაღლესი განათლების სფეროში ერთობლივი პროგრამების, კვლევითი ქსელების ან სტუდენტური მობილობის მიმართულებით?

სამხრეთ კავკასიაში უმაღლესი განათლების სფეროში რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი პარადოქსულია: ტექნიკური და აკადემიური საჭიროება მაღალია, თუმცა პოლიტიკური და სტრუქტურული ბარიერები ამ პოტენციალს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

არსებობს მიმართულებები, სადაც ქვეყნების ინტერესები თანხვედრაშია და თანამშრომლობას პრაგმატული სარგებელი მოაქვს: ესენია:

ეკოლოგია და გარემოს დაცვა: კავკასიის ეკოსისტემა ერთიანია. კვლევითი ქსელები კლიმატის ცვლილების, მყინვარების დნობისა და მტკვრის აუზის მართვის საკითხებში არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია.ენერგეტიკა და ტრანსპორტი: “შუა დერეფნის” (Middle Corridor) განვითარება მოითხოვს ერთობლივ საინჟინრო და ლოგისტიკურ კვლევებს. აქ პოტენციალი არსებობს ერთობლივი მაგისტრატურის პროგრამებისთვის.

თუმცა არსებობს ბარიერებიც. პოტენციალის რეალიზებას სამი მთავარი ფაქტორი აფერხებს:

გეოპოლიტიკური ვეტო: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი გამორიცხავს პირდაპირ სახელმწიფოებრივ თანამშრომლობას. ნებისმიერი ერთობლივი პროექტი დღეს მხოლოდ მესამე მხარის (მაგ. ევროკავშირის, აშშ-ის, ან მულტილატერალურ) პლატფორმაზეა შესაძლებელი.განსხვავებული საგარეო ორიენტაცია: საქართველო (ამ დრომდე) ორიენტირებული იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეზე (EHEA). სომხეთი ცდილობს ბალანსირებას ევროპულ და რუსულ (EAEU) საგანმანათლებლო სტანდარტებს შორის. აზერბაიჯანი კი უპირატესობას ანიჭებს ორმხრივ პარტნიორობას თურქეთთან და წამყვან დასავლურ უნივერსიტეტებთან, ვიდრე რეგიონულ ინტეგრაციას.საქართველოს როლის შესუსტება: საქართველო ტრადიციულად ასრულებდა “რეგიონული ჰაბის” როლს (მაგ. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი ან GIPA, სადაც სამივე ქვეყნის სტუდენტები სწავლობდნენ). თუმცა შიდაპოლიტიკური კურსის ცვლილება და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა ამცირებს საქართველოს, როგორც “ნეიტრალური და თავისუფალი სივრცის” მიმზიდველობას მეზობლებისთვის.სტუდენტური მობილობა და კვლევითი ქსელები – რეგიონში სტუდენტური მობილობა არის გარე მიმართულების და არა რეგიონული. სტუდენტებს ურჩევნიათ წავიდნენ ევროპაში, თურქეთში ან რუსეთში, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში.ერთობლივი პროგრამების პერსპექტივა: ამჟამად რეალურია მხოლოდ “ვირტუალური მობილობა” ან დისტანციური კვლევითი პროექტები.საქართველოს ახალი რეფორმის კონცეფციის თანახმად, საჯარო უნივერსიტეტებს ეკრძალებათ საერთაშორისო სტუდენტების მიღება, რაც კიდევ დამატებით აფერხებს პოტენციურ მობილობას რეგიონის ქვეყნებს შორის.კვლევითი ქსელები: ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებებს. ვინაიდან ლაბორატორიული აღჭურვილობა ძვირია, რესურსების გაზიარება ლოგიკური იქნებოდა, თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ეს მხოლოდ თეორიულ დონეზე რჩება.

სამხრეთ კავკასიაში უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობა ამჟამად პოტენციალის დონეზე რჩება.

საქართველოში დაანონსებული რეფორმა, რომელიც უფრო მეტად შიდა კონტროლზეა ორიენტირებული, ვიდრე საერთაშორისო ღიაობაზე, კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას რეგიონული ლიდერის სტატუსს. საბოლოო ჯამში, რეგიონული თანამშრომლობა ვერ შედგება მანამ, სანამ განათლების პოლიტიკა განიხილება როგორც საგარეო პოლიტიკის იარაღი და არა როგორც საერთო ეკონომიკური განვითარების საშუალება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია