
საჯარო მოხელეებს გარკვეული მიმართულებით დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება მიეცემათ - Netgazeti
საჯარო მოხელეებს, შესაძლოა, პარალელურად მიეცეთ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებისა და ანაზღაურების უფლება.
პარლამენტში ორი დღის წინ ინიციირებული კანონპროექტით განსაზღვრულია რამდენიმე კონკრეტული საქმიანობა, რომლის შეთავსებაც შეეძლებათ საჯარო სექტორში დასაქმებულებს. საუბარია სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაზე, ბაღებისა და სკოლების ავტორიზაცია/აკრედიტაციაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამებში ჩართულობაზე.
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტით ცვლილებები შედის კორუფციის შესახებ კანონში. ბოლო ცვლილება ამ კანონში დაახლოებით 6 თვის წინ, 2025 წლის ოქტომბერში შევიდა და უკვე პირველი ნოემბრიდან საჯარო მოხელეებს ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე დამატებითი ანაზღაურების მიღება აეკრძალათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი დღის წინ ინიციირებული კანონპროექტი არის ერთგვარი გამონაკლისის დაშვება 6 თვის წინ მიღებული ცვლილებაში.
რა გახდა ამ გამონაკლისის საფუძველი?
განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილების მიზეზი ამ სფეროებში მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტების საჯარო სამსახურებში კონცენტრაციაა. მარტივად რომ ვთქვათ, კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, ძირითადად, საჯარო სამსახურებში – მათ შორის, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში – მუშაობენ.
მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებს დამატებითი შემოსავლის მიღება აეკრძალათ, ჩამოთვლილი სფეროები კვალიფიციური სპეციალისტების გარეშე დარჩა. ამიტომ სამინისტრო შემუშავებული კანონპროექტით პარლამენტს სთხოვს გამონაკლისის დაშვებას.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სამინისტროს ბაზაზე შექმნილ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე. ცენტრის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და პროგრამების აკრედიტაციაა. ამისთვის უწყება, ჩვეულებრივ, განათლების ექსპერტებთან თანამშრომლობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ ექსპერტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა საჯარო სამსახურთანაა დაკავშირებული.
“გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტული საქმიანობა, თავისი შინაარსით, არამუდმივია, ცენტრი ექსპერტებთან, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სიხშირით თანამშრომლობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის აკრედიტაციის ან ავტორიზაციის ექსპერტობა დამატებით საქმიანობას წარმოადგენს და ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას, სხვა, მათ შორის, საჯარო დაწესებულებებში/ორგანიზაციებში ასრულებს.იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი მიმართულებით ექსპერტული ცოდნა დეფიციტურია, ცენტრისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექსპერტები. სხვა შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესების განხორციელებას”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები იმავე ლოგიკას ავითარებენ სასკოლო სახელმძღვანელოების შემქმნელებზეც. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თებერვალში, ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაჩქარებულად მიღებული ცვლილებების შემდეგ. ამ ცვლილებებით, ყველა სკოლაში კლასის ყველა სახელმძღვანელოს სახელმწიფო შექმნის – სკოლებს აღარ ექნებათ უფლება, რამდენიმე ალტერნატივას შორის თავად შეარჩიონ მათთვის მისაღები სახელმძღვანელო.
შესაბამისად, სამინისტროს სჭირდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნა. ამ პროცესში კი იმ სპეციალისტების ჩართულობას აპირებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული.
“[ზოგადი განათლების შესახებ კანონში] ცვლილებამდე სახელმძღვანელოების შექმნა წარმოადგენდა კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ პროცესს, სადაც კერძო პირები, გამომცემლობები და განათლების სექტორის სხვა მონაწილეები დამოუკიდებლად ქმნიდნენ სასწავლო მასალებს.ახალი სამართლებრივი მოდელის თანახმად კი, ეს პროცესი მოექცა სახელმწიფოს სრული კოორდინაციის ქვეშ და სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილი გახდა, რაც მოიაზრებს შესაბამის დარგში ცოდნის, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული/სამეცნიერო გამოცდილების მქონე პირთა, ასევე, შესაბამისი საგნობრივი ასოციაციების და ა.შ. წარმომადგენლების ჩართულობას.ამასთან, აღნიშნული პროცესი ობიექტურად მოითხოვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების – სამინისტროების, საჯარო მოსამსახურეთა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უშუალო ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შემუშავებასა და შეფასებაში.აღნიშნული სახელმძღვანელოების შინაარსის ექსპერტიზა, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, მეთოდოლოგიური ხარისხის კონტროლი და ასაკობრივ ჯგუფთა შესაბამისობის შეფასება მოითხოვს კვალიფიციური პერსონალის ჩართულობას, რომელიც ფლობს როგორც სათანადო სამეცნიერო-პედაგოგიურ კვალიფიკაციას, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში დაგროვებულ პრაქტიკულ გამოცდილებას”, – წერია განმარტებით ბარათში
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მისი პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე 28 აპრილსა, ხოლო დამტკიცება სამი დღის შემდეგ, პირველ მაისს იგეგმება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge