მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციისა და „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა - Netgazeti
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციისა და „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა - Netgazeti

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციისა და „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა - Netgazeti

ნეტგაზეთი16 აპრილი, 2026, 14:42|netgazeti.ge

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა.

დელეგაციაში შედიან: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

პარლამენტის შენობაში დელეგაციას შეხვდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილი, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა. მახაშვილის თქმით, შეხვედრა მეგობრული იყო და ევროპელ სტუმრებთან შედგა საინტერესო, კონსტრუქციული და დეტალური საუბარი.

„განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად, ამ სახელმწიფოებს: პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაცანით ის, თუ ჩვენ სად ვხედავთ პრობლემებს და როგორც წარმოგვიდგენია მოგვარება… რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, აუცილებელია დიალოგი იმისთვის, რომ ამ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს საერთო გამოსავალი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ვაიმარის ქვეყნების დელაგაციას შეხვდა ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანიც. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.

„როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას“, – ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ვაიმარის ქვეყნების ოპოზიციასთან შეხვედრას ესწრებოდა „ჯერ საქართველო – Georgia First”-ის თანადამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანიც. მისი განცხადებით, დელეგაციის წევრებს აინტერესებდა ოპოზიციის მოსაზრებები როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ ურთიერთობებში კომუნიკაციას, რაც დიპლომატიაში ბუნებრივი არის. დამსწრე საზოგადოებისგან აინტერესებდათ შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც შიდაპოლიტიკურზე, მათ შორის ევროპასთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე… თუ საუბარია ევროპასთან გზების აღდგენაზე, ამის წინაპირობა უნდა იყოს ქართული შიდაპოლიტიკური პროცესის განორმალურება. რაც ხდება, იმას უნდა დაერქვას პოლიტიკა და არა ის, რისი მოწმენიც ახლა ვართ“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის მსგავსი ტიპის ვიზიტები მნიშვნელოვანია.

„იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ვიზიტი. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვესმის სირთულეები, გევსმის, რაც ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველო არ დატოვონ ამ რთულ ჟამს მარტო“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა განიხილეს.

„თუკი „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს ურთიერთობების ნორმალიზება, იქნება ეს ევროკავშირთან თუ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გამოშვება და ურთიერთგანადგურებაზე მიმართული პოლიტიკის შეწყვეტა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიტიკა უნივერსიტეტებში – აკადემიური კრიზისი სამხრეთ კავკასიაში

პოლიტიკა უნივერსიტეტებში – აკადემიური კრიზისი სამხრეთ კავკასიაში

ნეტგაზეთი

საჯარო მოხელეებს გარკვეული მიმართულებით დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება მიეცემათ

საჯარო მოხელეებს გარკვეული მიმართულებით დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება მიეცემათ

ნეტგაზეთი

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს

ნეტგაზეთი

აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო

აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქონლის იმპორტი დაიწყო

ნეტგაზეთი