
უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლები დააკავეს, ფულთან და ოქროსთან ერთად - Netgazeti
უნგრეთში დააკვეს უკრაინული „ოშადბანკის“ საინკასაციო სამსახურის ორი მანქანა, რომლებსაც თან ახლდა საინკასაციო ჯგუფის 7 თანამშრომელი.
ბანკის ცნობით, მანქანები დააკავეს ავსტრიულ Raiffeisen Bank-იდან უცხოური ვალუტისა და ძვირფასი ლითონების რეგულარული ტრანსპორტირებისას.
„GPS სიგნალის მონაცემების თანახმად, „ოშადბანკის“ უკანონოდ დაკავებული მანქანები ამჟამად ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს მახლობლად იმყოფებიან. მანქანების ადგილმდებარეობა დაადასტურეს უნგრეთში უკრაინის საელჩოს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ბანკის თანამშრომლების ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია. ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების ტრანსპორტირება Oschadbank-მა განახორციელა ავსტრიის Raiffeisen Bank-თან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში და, შესაბამისად. ტვირთი რეგისტრირებული იყო საერთაშორისო ტრანსპორტირების წესებისა და მოქმედი ევროპული საბაჟო პროცედურების შესაბამისად. მოპარულ მანქანებში ძვირფასი ნივთების რაოდენობაა 40 მილიონი აშშ დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კგ ოქრო“, — აცხადებს ბანკი.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრე სიბიჰა.
„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. უცნობია როგორც მათი დაკავების მიზეზები, ისე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა. შვიდი უკრაინელი არის სახელმწიფო „ოშადბანკის“ თანამშრომელი. ისინი ორი საბანკო ავტომობილით ავსტრიიდან უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და ფულის მოპარვასთან. თუ ეს არის ის „ძალა“, რომელიც უფრო ადრე ბატონმა ორბანმა დააანონსა, მაშინ ეს კრიმინალური დაჯგუფების ძალა ყოფილა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი“, — დაწერა სიბიჰამ.
Today in Budapest, Hungarian authorities took seven Ukrainian citizens hostage. The reasons are still unknown, as well as their current well-being, or the possibility of contacting them.These seven Ukrainians are employees of state-owned Oschadbank, who were operating two bank…— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) March 5, 2026
კიევმა გაგზავნა ოფიციალური ნოტა უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე მიმართა ევროკავშირს თხოვნით, მკაფიო კვალიფიკაცია მიანიჭოს უნგრეთის „უკანონო ქმედებებს: მძევლების აყვანასა და ძარცვას“.
უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა ბოლო პერიოდში, როდესაც ბუდაპეშტმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი.
უნგრეთმა მიზეზად დაასახელა, რომ უკრაინა ხელს უშლის „დრუჟბის“ მილსადენით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ მილსადენის ფუნქციონირებისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. უკრაინის თანახმად, მილსადენი რუსულმა რაკეტებმა დააზიანეს და მის შეკეთებას დრო სჭირდება.
5 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და უკრაინას „დრუჟბის“ მილსადენის გავლით ნავთობის ტრანზიტის აღდგენის “იძულებით” დაემუქრა.
There will be no deals, no compromise. We will break the Ukrainian oil blockade by force. Hungary’s energy will soon flow again through the Friendship pipeline. 🇭🇺 pic.twitter.com/FZc8CcK0Ei— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 5, 2026
„არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით დავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას“, — დაწერა ორბანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, მიანიშნა რა ორბანზე, იმედი გამოთქვა, რომ „ერთი ადამიანის“ მიერ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვა შეჩერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ პირის მისამართის მიცემით დაემუქრა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები მას დაეკონტაქტებიან და თავის ენაზე ჰკითხავენ, რატომ ბლოკავს იმ აღჭურვილობას, რომელიც სჭორედ ომში მყოფმა ჯარმა უნდა მიიღოს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge