მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
IPI „ოცნებას“ რეპრესიული კანონების გაუქმებისა და მედიის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს - Netgazeti

IPI „ოცნებას“ რეპრესიული კანონების გაუქმებისა და მედიის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მკაცრად გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიღებას, რომელიც უცხოური დაფინანსების მიღების და უცხოელებთან თანამშრომლობის კრიმინალიზებას ახდენს.

IPI-ს განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის პარალიზებას მოახდენს.

როგორც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, ეს ზომები საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან მათ უჭრის ფინანსური მხარდაჭერის სასიცოცხლო წყაროებს და ცენზურის ახალ ფორმებს აწესებს.

IPI მოუწოდებს საქართველოს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს კანონები და შეწყვიტოს მედიის სამართლებრივი დევნა.

„2025 წლის 4 მარტს „ქართული ოცნების“ მიერ მართული პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი დრამატულად აფართოებს სახელმწიფო კონტროლს უცხოურ დაფინანსებაზე და აწესებს შესაძლო სისხლისსამართლებრივ სანქციებს საერთაშორისო სუბიექტებთან ან დონორებთან თანამშრომლობისთვის. ის ასევე კრიმინალად აცხადებს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საჯარო კრიტიკას, რაც დამატებით ცენზურას უწესებს კრიტიკულ რეპორტაჟებს. ჯამში, ეს ცვლილებები საზედამხედველო ჟურნალისტიკას დანაშაულებრივ საქმიანობასთან ათანაბრებს.

ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ განმარტებას, რომელიც მთავრობის თანხმობას საჭიროებს და დარღვევებისთვის აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის პატიმრობას. „გრანტის“ ახალი განმარტება მოიცავს ფაქტობრივად ნებისმიერი ფორმის უცხოურ დაფინანსებას ან დახმარებას, თუ ის ბუნდოვნად განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. გარდა ამისა, გაფართოვდა იმ სუბიექტების სია, რომლებიც გრანტის მიმღებებად ითვლებიან და ახლა მასში შედიან უცხოეთში ბაზირებული ორგანიზაციებიც, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

ახალი კანონის თანახმად (რომლის შესახებაც IPI ადრეც გამოთქვამდა შეშფოთებას), დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები, 300-დან 500 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში — უფრო მკაცრი სასჯელი. კანონმდებლობას ასევე აქვს უკუძალა: კანონის ამოქმედებამდე მიღებულ აუთვისებელ გრანტებს დასჭირდება მთავრობის ახალი ნებართვა, ხოლო უარის შემთხვევაში, მიმღებებს თანხების გამოყენება აეკრძალებათ.

კანონი პირდაპირ შეეხება იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას ჟურნალისტური პროექტებისთვის, ტრენინგებისთვის ან კონფერენციებზე დასასწრებად.

გარდა ამისა, კანონში შედის „ექსტრემიზმის“ შესახენ მუხლი, რომელიც ფიზიკური პირებს სამ წლამდე პატიმრობით სჯის ხელისუფლების ლეგიტიმურობის „სისტემატური“ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის. ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს, შეიძლება დაეკისროს მძიმე ჯარიმები ან დაემუქროს იძულებითი დახურვა მსგავსი ქმედებების ბრალდების შემთხვევაში“, – ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.

როგორც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აღნიშნავს, ეს ემატება იმ შემზღუდავი საკანონმდებლო აქტების საგანგაშო ჩამონათვალს, რომლებიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და რომლებიც უკვე იქნა მიღებული 2024 და 2025 წლებში.

„რეპრესიული და არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღება, ფართომასშტაბიან პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოში — ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა.

IPI აფრთხილებს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა რუსულ ავტორიტარულ მეთოდებს კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ადამიანის უფლებების შესალახად და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაშლელად.

მმართველმა პარტიამ ეს საკანონმდებლო პაკეტი იმავე დღეს მიიღო, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა IPI-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის, მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობის გასაჩივრების განხილვაზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ გადაწყვეტილებაზე, სრულად ჩაახშონ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის სივრცე“, – ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.

IPI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი რეაგირება მოახდინონ მმართველი პარტიის მიერ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის დამატებითი მიზნობრივი სანქციების მეშვეობით.

„ეს ზეწოლა უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებზე, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირსა და მოსამართლეზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმმა“, რომელსაც IPI-მ და პრესის თავისუფლების პარტნიორებმა ახლახან მიაწოდეს ინფორმაცია მედიის თავისუფლების შესახებ, პირდაპირ უნდა შეაფასოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი. ამ ანგარიშმა უნდა უბიძგოს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. ასევე საჭიროა ვენეციის კომისიის მხრიდან დამატებითი ზედამხედველობა.

მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ფუნდამენტური საყრდენია და ცენტრალურ ადგილს უნდა იკავებდეს საქართველოს ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში“, – ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია