
„პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე“ — რეპორტაჟი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა პროცესიდან - Netgazeti
დღეს, 4 ოქტომბრის 13-პირიან საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ მახარობლიძე უძღვება.
4 ოქტომბრის 13-პირიან საქმეში ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
დღევანდელ სხდომაზე:
წარმოდგენილი იყო ორი მოწმე, დაზარალებული პოლიციელი და ექსპერტი ტრასოლოგი, რომელმაც ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტის დაზიანებები, ასევე 2 დაზარალებული პოლიციელის სამოსი შეისწავლა.წარმოდგენილი იქნა ვიდეომტკიცებულება იური ლომიძის წინააღმდეგ, სადაც ბრალდების მტკიცებით, იური ლომიძე პოლიციელს დროშის ტარს ურტყამს, რასაც უარყოფს თავად იური ლომიძე, ვეტერანი და ყოფილი პოლიციელი.გადაისინჯა ასევე აღკვეთის ღონისძიება, წინასწარი პატიმრობა, თუმცა ცამეტივე ბრალდებული, მოსამართლის გადაწყვეტილებით, რჩება პატიმრობაში.ცნობილი გახდა ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მზად არის, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართოს პროკურატურას.
მოწმეთა ჩვენებები:
1. სასამართლოს უკვე მესამედ მისცა ჩვენება დაზარალებულმა პოლიციელმა, საზოგადოებრივი წესრიგისა და ტურისტული უსაფრთხოების პატრულ-ინსპექტორმა, ნინო ჯიოშვილმა. მას უკვე აქვს მიცემული ჩვენება 4 ოქტომბრის სხვა განაყოფ საქმეებში. მისი მონათხრობი ყველა ჯერზე ერთმანეთის იდენტურია. მოწმემ 4 ოქტომბრის აქციაზე დაზიანება მიიღო მარცხენა მუხლის სახსარში. არ დაუნახავს, არ დამახსოვრებია აქციის არცერთი მონაწილე და, შესაბამისად, ვერც რომელიმე ბრალდებულს ადებს ხელს.
ნინო ჯიოშვილი ორბელიანების სასახლის უკანა ეზოში იმყოფებოდა, 40-დან 50-მდე თანამშრომელთან ერთად თავისი განყოფილებიდან, ტრადიციული ფორმითა და ეკიპირების გარეშე. სასახლის ტერიტორიაზე მათ მერე მივიდნენ და განთავსდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სრული აღჭურვილობით. ნინო ჯიოშვილის თქმით, როდესაც აქცია „გასცდა მშვიდობიან, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს“, უშუალო ხელმძღვანელისგან მიიღო განკარგულება, რომ პატრულ-ინსპექტორები გასულიყვნენ სასახლის წინ და ჯაჭვში დამდგარიყვნენ გდდ-ს თანამშრომლების უკან. ამის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში მიიღო მოწმემ დაზიანება, მისი თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი მძიმე საგნების შედეგად.
მოწმე ჰყვება, რომ სრულად აღჭურვილი სპეცრაზმელებისგან რამდენიმე მეტრის უკან მდგომი, ეკიპირების გარეშე მყოფი პატრულ-ინსპექტორები, აქციის მონაწილეებს „სასახლეში შესვლაში უშლიდნენ ხელს“.
„თქვენ რომ 5 მეტრში იდექით უკან და, სამწუხაროდ, დაზიანება მიიღეთ, შემთხვევით იმის ბრალი ხომ არაა, რომ აღჭურვილობის გარეშე გაგიშვეს გარეთ?“ — ჰკითხა მას ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ, რომელიც გიორგი კირვალიძის ინტერესებს იცავს. თუმცა კითხვა აღმოჩნდა რიტორიკული, მოიხსნა და მოწმეს მისთვის არ უპასუხია.
2. სასამართლოს ჩვენება მისცა ასევე ექსპერტმა ტრასოლოგმა რობერტ ტატოევმა. მას დავალებული ჰქონდა დაედგინა დაზიანების მიზეზები: სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახაჭაპურის ღობეზე, მინაზე, 8 ქოთანზე, დაზარალებული პოლიციელების, ირაკლი ლურსმანაშვილისა და ლაშა ჯუღელის სამოსზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციელების სამოსი, ექსპერტის თქმით, იყო სამოქალაქო და არა უნიფორმა. ექსპერტის თქმით, ირაკლი ლურსმანაშვილს სამოსს დაზიანება მიადგა „მჩხვლეტავ-მჭრელი ნივთებით“, ხოლო ლაშა ჯუღელის მაისური „ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიხა“.
ვიდეომტკიცებულებები:
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ვიდეო წარმოადგინა, სადაც ბრალდების მტკიცებით, იური ლომიძე დროშის ტარს ურტყამს პოლიციელს. დაცვის მხარის თქმით, ადამიანი, რომელიც დროშის ტარს ურტყამს, იური ლომიძე არ არის.
იმის გამო, რომ რამდენიმე ადვოკატი ეკრანთან იდგა ვიდეოს სანახავად, დარბაზში დამსწრეებმა და ჟურნალისტებმა ვიდეოსთვის თვალის დევნება ვერ მოვახერხეთ. ეს იყო საკმაოდ შორი და საერთო კადრი, რომელიც ასახავდა სასახლის წინა ტერიტორიას და აღბეჭდა 112-ის სამეთვალყურეო კამერებმა.
იური ლომიძეს ნამსახურები აქვს ავღანეთში. მსახურობდა თავდაცვის ძალებში, შემდეგ პოლიციაში. „16 წლისა ვიყავი, ფორმა რომ ჩავიცვი“ — თქვა მან, დაკავების შემდეგ პირველად სასამართლოში. ის კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პირი, რომელიც ვიდეოში პოლიციელს საქართველოს დროშის ტარს ურტყამს, ისაა.
„მე, როგორც ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიმსახურია სხვადასხვა სტრუქტურაში, მომაყენეს შეურაცხყოფა თუნდაც იმ ბრუტალური დაკავებით, რასაც ჩემ მიმართ ჰქონდა ადგილი. და მეყო ეს შეურაცხყოფა, რაც ჩაატარა საგამოძიებო სისტემამ! ამ კადრებში იმის მტკიცება, რომ ეს მე ვარ, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია. მინიმუმ იმას მაინც ვიმსახურებ, რომ ისეთი მტკიცებულება დადოს პროკურატურამ, შინაგანი განცდა მაინც გამიჩნდეს, რომ ეს მე ვარ. მერე გადავწყვეტ, ვაღიარებ თუ არა. უწყვეტი კადრიც კი არ არსებობს.ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დროშას წაიღებდა აქციაზე, რომ პოლიციელისთვის ჩაერტყა და მერე გადაეგდო. ეს ხომ გამორიცხულია. საკმაო გამოცდილება მაქვს საიმისოდ, რომ დანაშაულს თუ ჩავიდენდი, თავსაც დავიცავდი მერე, კამერებს დავემალებოდი და ა.შ. ჩემი მიზანი აქციაზე არც პოლიციელების ცემა ყოფილა და არც მოქალაქეების. ექსპერტიზაზეც არ ყოფილა ეს გაჟღერებული, რომ ვიღაცა რომ დროშის ტარს ურტყამს, მაგ ვიდეოსა და იმ ვიდეოს შორის, სადაც დაადგინეს, რომ მე ვარ კადრში, რამე კავშირია“, — თქვა იური ლომიძემ.
„ეს არის ზოგადი, უხმო ვიდეო, ერთ მომენტში ჩანს იური ლომიძის სახე. თუმცა ის, რომ აქციაზე (გავიმეორებ პროკურორის სიტყვებს) „უშუალო შემხებლობაში შევიდა პოლიციელთან და განახორციელა დროშის ტარის ჩარტყმა“, ამ ვიდეოზე წარმოდგენილი არ არის“, — ამბობს იური ლომიძის ადვოკატი გურანდა ქურდოვანიძე და კიდევ ერთხელ, უკვე ჟურნალისტებთან სხდომის შემდეგ, ადასტურებს, რომ პირი, რომელიც დროშის ტარს ურტყამს ვიდეოში, არ არის იური ლომიძე.
პროკურორი როინ ხინთიბიძე გვეუბნება, რომ ექსპერტი ადასტურებს ბრალდების პოზიციას. „იური ლომიძეა პირი, რომელიც დროშის ტარს ურტყამს პოლიციელებს. დასკვნა იყო კატეგორიული“, — ამბობს ის და ამატებს, — „ვიდეოჩანაწერი არის უწყვეტი. ჩანს პიროვნება, რომელიც ურტყამს დროშის ტარს. შემდგომში მას მიჰყვება ჩანაწერი და ნათლად ჩანს სახეზე იური ლომიძე.“
აღკვეთის ღონისძიება — წინასწარი პატიმრობა რჩება ძალაში:
ბრალდებულები რჩებიან წინასწარ პატიმრობაში. თუმცა, სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას ხმამაღლა გამოაცხადებდა, განცხადება გააკეთეს ბრალდებულებმა, კახა კვაჭანტირაძემ და მანუჩარ მიქელაძემ:
„პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, რადგან პოლიტპატიმრად ვთვლი თავს. კოლაბორანტ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ყველამ ვიცით, ვინც არიან, არ ვილაპარაკებ მათზე. მესმის თქვენიც, თქვენო ღირსებავ, ვიცი, რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანთ. ჩემთვის, როგორიც რიგითი ქართველისთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე. წარმატებას ვუსურვებ ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ ერთობას. ჩვენ მყარად ვდგავართ. ყველაფერი მაგრად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს. ფსევდოოპოზიციას გადავცემ და მე, კახა კვაჭანტირაძე ვეტყვი: ლუსტრირებულები ხართ, ბატონებო“, — თქვა სასამართლოში კახა კვაჭანტირაძემ, რომელიც აქციაზე ოზურგეთიდან იყო ჩამოსული.
კახა კვაჭანტირაძის შემდეგ ისაუბრა მანუჩარ მიქელაძემ, რომელიც 2 მცირეწლოვანი შვილის მამაა. ის წარმოშობით შუახევიდანაა და ბათუმში, ავადმყოფი დედის სანახავად ჩასული დააკავეს.
„მე მაინტერესებს, რატომ არავინ გვეკითხება, მოტივი რა იყო, რატომ მივედით იქამდე, ვის ვებრძვით და რას ვებრძვით. მე, მანუჩარ მიქელაძე ვიცავ ჩემს ქვეყანას, სამშობლოს, ვიბრძვი და შევებრძოლები არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ძალაუფლების მიმტაცებელ ხელისუფლებას. მე დანაშაული არ ჩამიდენია.თქვენ, ბატონო მოსამართლევ, გაქვთ შანსი, რომ დაასრულოთ ეს მასკარადი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ, გაგვიშვათ სახლებში, რადგან დანაშაული ჩავიდინეთ არა ჩვენ, არამედ ჩაიდინა ხელისუფლებამ, მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან და არც იციან, რას ბჟუტურობენ. გაქვთ ისტორიული შანსი, დაასრულოთ ეს ყველაფერი“, — თქვა მანუჩარ მიქელაძემ.
განაჩენის გამოტანამდე, საქმის განხილვის ეტაპზე ყოველ 2 თვეში ერთხელ, სასამართლო ვალდებულია, რომ აღკვეთის ღონისძიება, ამ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობა, გადასინჯოს. მოსამართლემ დღესაც ძალაში დატოვა 13 ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობა. გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ კიდევ არსებობს ფორმალური საფუძვლები მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების რისკის თვალსაზრისით, და არც ახალი გარემოება გამოკვეთილა, რომ პატიმრობა შეიცვალოს, მაგალითად, გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ბექა მაჭავარიანის ადვოკატის, ირაკლი მახათაძის მიერ წარმოდგენილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 8 000-ლარიანი გირაოს შეთავაზება.
საპროცესო შეთანხმების პერსპექტივა:
დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი ასევე, რომ ბექა მაჭავარიანის დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს ცნობს უდავოდ და მზადაა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად. პროკურორმა როინ ხინთიბიძემ სხდომის დასასრულს გვითხრა, რომ დაცვის მხარეს უწყებისთვის ამ განცხადებით ჯერ არ მიუმართავს და მიმართვის შემთხვევაში იმსჯელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე პროკურორები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ალაპარაკდნენ, სასამართლოში ეს საკითხი პირველად 13 თებერვალს გაახმიანეს 4 ოქტომბრის საქმეებში ბრალდებულ 64 პირთან მიმართებით. თუმცა დეტალების შესახებ არც მაშინ უსაუბრიათ. იმისათვის, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყოს, კანონისმიერი მოთხოვნაა, რომ ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი აღიაროს.
რამდენიმე ადვოკატის თქმითა და არაოფიციალური ვერსიით, ბრალდებულებს აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტული პირობით სთავაზობენ — ერთი წელი რეალური სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა [პატიმრობა ციხეში], რასაც ავტომატურად უნდა მოჰყვეს ერთი წელი დამატებით პირობითი მსჯავრი.
4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.
64-პირიანი საქმე, 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.
58 ადამიანი პატიმრობაშია. 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.
ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.
წაიკითხეთ ასევე:
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge