
ილია მეორის დაკრძალვაზე კირილი ბელარუსის ეგზარქოსს გზავნის - "სპუტნიკი" - Netgazeti
ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის ეკლესიას წარადგენს ბელარუსის ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ვენიამინი (ტუპეკო). ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება “სპუტნიკი” ავრცელებს.,
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.
„ბელარუსის მართლმადიდებელმა მრევლმა ღრმა მწუხარებით მიიღო ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიწიერი გზის დასრულების შესახებ. უფალთან წავიდა ქრისტეს ვენახის ერთგული მუშაკი, რომლის სახელიც სამუდამოდ არის ჩაწერილი საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ისტორიაში“, – ნათქვამია ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის წერილში “სპუტნიკის” თანახმად.
მიტროპოლიტმა ვენიამინმა აღნიშნა, რომ ილია II მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა და გაიხსენა მისი ვიზიტი ბელარუსში 2013 წელს, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულიერი ღვაწლი იქცა ქრისტეს ცოცხალ ქადაგებად არა მხოლოდ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ ეკლესიებს შორის ძმური კავშირების შესანარჩუნებლად, რაც გვახსენებს, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს ერთიანი სხეული, რომელიც ერთი რწმენითა და სიყვარულით არის გაერთიანებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
სპუტნიკის ცნობით, ბელარუსის საპატრიარქოს ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ვენიამინი (ტუპეკო), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დავალებით, ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს.
პატრიარქის დაკრძალვა კვირას, 22 მარტს გაიმართება. როგორც ილია II-მ დაიბარა, მას თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ოფიციალურად გახდა.
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეუსი აპირებს ჩამოსვლას.
ტერმინი ეგზარქოსი (ბერძნული სიტყვიდან exarchos — წინამძღოლი) მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღნიშნავს მაღალი რანგის სასულიერო პირს, რომელიც არის პატრიარქის წარმომადგენელი (ან მოადგილე) და მის სახელით მართავს დიდ საეკლესიო ტერიტორიას, რომელსაც ეგზარქატი ეწოდება.
ბელარუსის მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია). ის წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) ნაწილს და მის სტრუქტურაში შედის, როგორც ეგზარქატი.
ბელარუსის ეგზარქოსი (ამჟამად მიტროპოლიტი ვენიამინი) არის ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. ის არის ყველაზე მაღალი რანგის იერარქი ქვეყნის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილობრივ ეკლესიას ხელმძღვანელობს, ეგზარქოსი პირდაპირ ექვემდებარება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს (ამჟამად კირილეს) და რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს.
ეგზარქოსი არის მოსკოვის პატრიარქის მთავარი წარმომადგენელი ბელარუსში. ის კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ეპარქიებს, თუმცა ფუნდამენტურ საეკლესიო და საკადრო გადაწყვეტილებებს (მაგალითად, ახალი ეპისკოპოსების გამორჩევას) მოსკოვთან ათანხმებს.
ბელარუსის ეგზარქოსი არის მოსკოვის საპატრიარქოს უმაღლესი მმართველი ბელარუსის ტერიტორიაზე, ვინაიდან ბელარუსს საკუთარი, დამოუკიდებელი პატრიარქი არ ჰყავს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge