მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
პოლიციელისთვის შუა თითის აწევის საბაბით, დემონსტრანტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - Netgazeti

პოლიციელისთვის შუა თითის აწევის საბაბით, დემონსტრანტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სამოქალაქო აქტივისტს, ფსიქოთერაპევტ პაატა (ტატო) ალავერდაშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პაატა ალავერდაშვილის საქმე ბოლო დროს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული საქმეების უმრავლესობისგან განსხვავდება. მას არა ტროტუარზე დგომას ან მარშის დროს გზის გადაკეტვას, არამედ პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად კი — პოლიციელისთვის შუა თითის აწევას. გინებასაც, თუმცა შსს-საც და მის მოყვანილ პოლიციელებსაც, მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ამას ვერაფრით ადასტურებდნენ.

საქმის განხილვას და გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე სხდომა მოანდომა.

პაატა ალავერდაშვილი ჰყვება, რომ მან შეამჩნია ადამიანი უნიფორმის გარეშე, რომელიც 8 მარტს პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას იღებდა დემონსტრანტებს ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან. მიიჩნია ის რიგით „ტიტუშკად“ და „ბაბულიკად“. დაიწყო თვითონაც გადაღება, მოუწოდებდა პირს, რომელიც მანქანაში ჩაჯდა, მინა ჩაეწია და როცა არ ჩაწია, შუა თითი აჩვენა კიდეც.

პაატა ალავერდაშვილი ადგილზე არ დაუკავებიათ. ოდნავ მოგვიანებით, უკვე გვიან ღამით, როდესაც პროტესტის მონაწილეები, დავით ჩხეიძე და პაატა ალავერდაშვილი, აქციას ტოვებდნენ, პოლიციამ ამაღლების ქუჩაზე გააჩერა. ისინი ერთად ისხდნენ დავით ჩხეიძის მანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დავით ჩხეიძის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები.

პაატა ალავერდაშვილი დააკავეს და საგარეჯოს იზოლატორში გადაიყვანეს. 10 მარტს, დაკავებიდან 43 საათის გასვლის შემდეგ, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საქმის განხილვა დაიწყო, მაგრამ პროცესი გადადო და ალავერდაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

მტკიცებულებები, რაც წარმოადგინა შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ პაატა ალავერდაშვილის წინააღმდეგ და რასაც დაეყრდნო მოსამართლის გადაწყვეტილება, პოლიციელების ჩვენებებია — მთაწმინდა-კრწანისის პატრულ-ინსპექტორების, ზაურ გაბრიჭიძის, გიორგი გომელაურის და მათი უფროსის, შალვა მეგრელიშვილის ჩვენებები.

ახალგაზრდა გაბრიჭიძე და გომელაური ჰყვებიან, რომ თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მიიღეს ბრძანება, შეეჩერებინათ ნისანის მარკის ავტომობილი (დავით ჩხეიძის ავტომობილი, სადაც პაატა დავით ჩხეიძის ოჯახის წევრებთან ერთად იჯდა და აქციას ტოვებდა). გააჩერეს ამაღლების ქუჩაზე, ჩაუტარეს დავით ჩხეიძეს ალკოტესტი და ამის შემდეგ, როცა მათი უფროსი შალვა მეგრელიშვილიც მივიდა, მასთან ერთად დააკავეს პაატა ალავერდაშვილი. პატრულ-ინსპექტორების თქმით, მათ შალვა მეგრელიშვილმა უთხრა, რომ პაატა ალავერდაშვილმა შუა თითი აუწია.

ახალგაზრდა პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც ფაქტის შემსწრე არ ყოფილან, აზრად არ მოსვლიათ, რომ რამე მტკიცებულება მოეკითხათ ან კითხვები დაესვათ უფროსისთვის — „უფროსი ყოველთვის მართალია. დიახ, ზოგადად, ცხოვრებაში. არ მესმის რას მეკითხებით“, — სიტყვა-სიტყვით ასე უპასუხა გიორგი გომელაურმა ალავერდაშვილის ადვოკატს.

თავად შალვა მეგრელიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ის იყო პირი, რომელსაც პაატა ალავერდაშვილმა შუა თითი უჩვენა, ჰყვება:

„მილევად რეჟიმში იყო აქცია. ჩვენ, ზოგადად, ვიცავთ მათ [დემონსტრანტების] უსაფრთხოებას და წესრიგს. დავინახე მოქალაქე ხელებს შლიდა. დავინტერესდით, დახმარება სჭირდება ან რამე მსგავსი. თითით შეურაცხყოფა მოგვაყენა. სიტყვიერიც ისმოდა მკვეთრად. ვუყურებდი მის გადაადგილებას. ეს მოქალაქე ჩაჯდა ჭიჭინაძის ქუჩაზე მანქანაში. გადავეცი ეკიპაჟს. მკვეთრი ქურთუკი ეცვა. ავუხსენი, რომ მოგვაყენა სიტყვიერი და ჟესტიკულაციით შეურაცხყოფა.“

პაატა ალავერდაშვილის მოწმე, დემონსტრანტი, ჭიათურელი ბიომეურნე ვალერი ჭიტაძე დაწვრილებით აღწერს ადამიანს, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მუზეუმის მხრიდან სურათებს უღებდა. მის მიერ აღწერილი ადამიანი საერთოდ არ ემთხვევა შალვა მეგრელიშვილის გარეგნობას. ვალერი ჭიტაძის თქმით, ეს იყო მაღალი, გამხდარი კაცი, პოლიციის უნიფორმის გარეშე, დაახლოებით 50 წლის, რომელიც თეთრ, დაბურულშუშებიან, არა პოლიციის მანქანაში ჩაჯდა.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პაატა ალავერდაშვილს განუცხადა, რომ სინამდვილეში მას კარგად ჰქონდა აღქმული, რომ შუა თითს პოლიციელს უჩვენებდა, ეს კი მისმა მოწმემაც დაადასტურა.

მოსამართლე ცაცუამ იგულისხმა მკვლევარ ივანე სხირტლაძის ჩვენება, როდესაც ის სასამართლოში ჰყვებოდა, რისი მოწმე გახდა, რა დაინახა, თავად რა და როგორ აღიქვა. სხირტლაძემ სამართალდამცველებად მოიხსენია დემონსტრანტების საპირისპირო მხარეს მყოფი ადამიანები, თუმცა ისიც დააზუსტა, რომ „ფოსფორიანი პოლიციელები [გულისხმობს წარწერას უნიფორმაზე] მაგ დროს მანდ აღარ დგანან, დაბურულშუშებიანი მანქანებით არიან ხოლმე, სამოქალაქო ტანსაცმელში“.

პაატა ალავერდაშვილს მოსახდელ ადმინისტრაციულ საპატიმრო ვადაში ჩაეთვლება ის თითქმის ორი დღე, რაც დაკავებიდან პირველ სასამართლო სხდომამდე გაატარა იზოლატორში. შაბათს, 28 მარტს საღამოს საათებში, ის უკვე თავისუფალი იქნება.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია