
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა - Netgazeti
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
„მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.
თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.
საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც – აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
2024 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ერთი წლის წინ გამოაცხადა, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი ამ დრომდე არ გაფორმებულა.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) სანქცირებულია აშშ-ში, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მანიპულაციურად უარყოფს.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 2024 წლის ივლისს ICC-ის წესებით მიმდინარე არბიტრაჟში ADC-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და კონსორციუმს 650 000 დოლარის გადახდა დაეკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.
ჰოლანდიელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა ICSID-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა არც ეს სარჩელი დაკმაყოფილდა.
მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ.
პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge