
ნატომ გადახედა საქართველოსთან თანამშრომლობას — გენმდივნის ანგარიში - Netgazeti
ნატოს გენერალურმა მდივანმა წარადგინა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონი კვლავ განიცდის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გავლენას.
„2025 წელს ნატო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან პროგრესს და აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი წვლილი სამშვიდობო პროცესში. აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება იყო მთავარი ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზაციისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ. ნატო მზად არის გააღრმაოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან. მოკავშირეებმა, ასევე, გადახედეს ნატოს ჩართულობას საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მათი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, ნატო-საქართველოს გარკვეული ელემენტების პრიორიტეტები გადაისინჯა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ზოგიერთი ასპექტიც. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ პროგრესი განიცადა, რაც მაისში ჩატარებული ნატო-საქართველოს წარმატებული სწავლებით აღინიშნა. თბილისში მდებარე ნატოს სამეკავშირეო ოფისი განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე პარტნიორთან“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ პარტნიორებს შორისაა, რომელიც დახმარებებს იღებს ალიანსის თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივისა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ევროსკოპმა“ მარკ რუტეს სთხოვა დაზუსტება, რა გადაიხედა და თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ სერიოზული წუხილის მიუხედავად, საჭიროა დიალოგის შენარჩუნება.
„როდესაც საქმე საქართველოს ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ბოლოდროინდელი მოვლენები და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო მეტად პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაგრძელდეს ის ტრაექტორია, რომელზეც საქართველო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით იმყოფებოდა. ცხადია, ამჟამად არსებობს სერიოზული წუხილი. ამიტომ, ჩვენ გვაქვს დიალოგი, განხილვები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს ურთიერთობა შევინარჩუნოთ და გვქონდეს ამ საკითხების განსახილველი შესაძლებლობა, ვიდრე ვთქვათ, რომ „ეს არ მოგვწონს და საერთოდ ვწყვეტთ ურთიერთობას“, — განაცხადა მარკ რუტემ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge