
სურსათის სააგენტომ „პარაგრაფს“ 116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა - Netgazeti
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმრო „პარაგრაფთან“ 116 ათასის ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს 218,3 აშშ დოლარის ღირებულების 55 — ერთადგილიანი ნომრის და 354 აშშ დოლარის ღირებულების 5 უმაღლესი კლასის ნომრის დაჯავშნას 2026 წლის 26-დან 29 აპრილამდე პერიოდში. ღირებულებაში შედის. შეთანხმებული ტარიფები მოცემულია ერთი ნომრისთვის ერთი ღამით და მოიცავს საუზმეს.
სააგენტომ სასტუმრო პარაგრაფისგან მომსახურება გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.
„116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ბიძინას სასტუმროს — წაგებაზე მუშაობს სასტუმროო და დაირაზმნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, იქნებ ამოქაჩონ“, — დაწერა სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ.
„ნეტგაზეთმა“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჰკითხა, რა ღონისძიებისთვის გაფორმდა აღნიშნული ხელშეკრულება და რა კრიტერიუმებით შეირჩა სასტუმრო „პარაგრაფი“, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
საბიუჯეტო ორგანიზაციები თავიანთი ღონისძიებების ჩასატარებლად ხშირად სწორედ ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფს“ ირჩევენ.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge