
დააკავეს "ნეონაცისტური დაჯგუფების" წევრი 13 პირი, მათ შორის 7 არასრულწლოვანია - შსს - Netgazeti
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 პირი დააკავა. მათ შორის 7 არასრულწლოვანია.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ისინი “ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერები” არიან.
“ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ და აღნიშნა, რომ ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად 10-მდე პირია დაზარალებული, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია.
გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულ 4 პირს დამატებით წარუდგინეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.
“ძალადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართა და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ. დაჯგუფებების წევრები, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მისი თქმით, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები, ინტერესთა კონფლიქტის საფუძველზე, ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ.
დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.
ვაჟა სირაძის ინფორმაციით, შსს თვეებია მუშაობს ამ საკითხზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა (წამება), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 178-ე (ძარცვა), 181-ე (გამოძალვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და ა.შ.) მუხლებით, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს.
დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
“რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს, ანალოგიური ბრალდებით, სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ ბრიფინგის დასასრულს.
მან საზოგადოებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას მსგავსი დანაშაულის ნიშნების შემჩნევისთანავე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge