
ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს - სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენა - Netgazeti
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად მას თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან.
პროკურატურის მტკიცებით, ელისაშვილმა სასამართლოს არქვში ხანძარი 2025 წლის 4 მაისს გააჩინა. შესაბამისად, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ელისაშვილის ბრალდებეა ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე წარედგინა.
პროკურატურა ავრცელებს ვიდეოკამერების ჩანაწერსაც, სადაც მათი მტკიცებით ალეკო ელისაშვილია ასახული.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, მივიდა ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს. თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს.
ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
ალექსანდრე ელისაშვილმა, აღნიშნული ქმედებით, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების დესტაბილიზაციის მიზნით, ასევე, სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით შექმნა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ის უკვე ბრალდებულია ტერორიზმის ერთ ეპიზოდში. 2025 წლის 29 ნოემბერს მან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
ალეკო ელისაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა [ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით], რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge