
ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და შარშან მომხდარ ხანძარს ელისაშვილს ედავებიან - ადვოკატები - Netgazeti
ალეკო ელისაშვილის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ ელისაშვილისთვის წარგდენილი ახალი ბრალდება მისი დამნაშავედ წარმოჩენის უსუსური და აბსურდული მცდელობაა.
ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად მას თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან. პროკურატურა ავრცელებს ვიდეოკამერების ჩანაწერსაც, სადაც მათი მტკიცებით ალეკო ელისაშვილია ასახული.
როგორც ადვოკატების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული კადრები ვერ ადასტურებს ამ ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს.
ადვოკატების განცხადებით, თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერიზის დასკვნითვე აღნიშნული კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
„სუსის ისევ კომიკურ მდგომარეობაშია! ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის არაფერი სმენია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან.
თანაც მაშინდელი ხანძარი, რომლის გამოძიებაც ერთი წლის განმავლობაში ნივთის დაზიანების მუხლით მიდიოდა, ერთი წლის თავზე ტერორიზმად იქცა და მის უკანაც პოლიტიკოსის კვალი დადგინეს.
პროკურატურის მიერ, დღეს გასაჯაროებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, (კადრები) ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ადასტურებს ამ ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს. კომიკურია ისიც, რომ თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერიზის დასკვნითვე (26.02.2026) აღნიშნული კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
სინამდვილეში ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, რომლის მიზანიცაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მისი სისხლის სამართლის დამნაშავეთ წარმოჩენა.
ალეკო ელისაშვილის დემონიზაციის მიზანი, ამასთანავე არის მისი, როგორც პოლიტიკოსის განეიტრალება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფის შურისძიება და რუსული განაჩენის დეფაქტო აღსრულება.
მიმდინარე საქმეში არ არსებობს რეალური დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ალეკო ელისაშვილის ტერორისტობას, შესაბამისად ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის.
კომიკურია ისიც, რომ მთავარი მტკიცებულება პარასკევს ციხეში ჩატარებული ოდოროლოგიური (სუნის) ექსპერტიზაა, რომელიც არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ტარდება ძაღლის მეშვეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში ერთი წლის წინ აღებულ სუნის ნიმუშზე იმუშავა და არ არსებობს მისი ზუსტი მეცნიერული მეთოდოლოგია და დასაბუთება“, – ნათქვამია ალეკო ელისაშვილის ადვოკატების განცხადებაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ის უკვე ბრალდებულია ტერორიზმის ერთ ეპიზოდში. მას ედავებიან 2025 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას. ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
30 მარტს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად მას თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან.
პროკურატურის მტკიცებით, ელისაშვილმა სასამართლოს არქვში ხანძარი 2025 წლის 4 მაისს გააჩინა. შესაბამისად, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ელისაშვილის ბრალდებეა ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე წარედგინა.
პროკურატურა ავრცელებს ვიდეოკამერების ჩანაწერსაც, სადაც მათი მტკიცებით ალეკო ელისაშვილია ასახული.
ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენა
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge