
"ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის საჯაროობა მნიშვნელოვანია" - ელისო კილაძის სხდომა დახურეს - Netgazeti
“ქრონიკა +”-ს დამფუძნებლის ელისო კილაძის სხდომა პროკურორის შუამდგომლობით დახურეს. თავად ბრალდებული არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას. კილაძემ თქვა, რომ მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის საჯაროობა მნიშვნელოვანია.
ელისო კილაძის სიტყვას, რომელიც მან სხდომის დახურვამდე თქვა, IPN ავრცელებს.
“მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე “ქოლცენტრს” გავუწიე რეკომენდაცია. დიახ, მე “ქოლცენტრებს” ვამხელდი და ეს “ქოლცენტრები” დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო[…] სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა. 37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო?ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე?გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ. ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი”, – განაცხადა ელისო კილაძემ.
ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისო კილაძესთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს.
ამავე თემაზე:
ბრალს არ ვაღიარებ – ელისო კილაძე
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge