მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
სომხეთი-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ერევანი - Netgazeti

სომხეთი-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ერევანი - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სომხეთი-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის ევროპული ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციის დასრულების ზუსტი ვადის მითითება ამ მომენტში შეუძლებელია. ჩვენ სამოქმედო გეგმა გასული წლის ნოემბერში მივიღეთ და ვფიქრობ, პროგრესის პირველი ანგარიში უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში გამოქვეყნდება“.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სომხეთისთვის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცესს აწარმოებს.

კოსტანიანმა წარმოადგინა ძირითადი მიმართულებები, სადაც სომხეთმა რეფორმები უნდა განახორციელოს: მიგრაციული პოლიტიკა, ადამიანის უფლებების დაცვა და საზღვრის ყოვლისმომცველი კონტროლის სისტემის დანერგვა.

კოსტანიანმა ასევე დაამატა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ვიზების მოქმედების ვადების გახანგრძლივებაზე, რათა მოქალაქეებს ხშირად არ მოუწიოთ ახალი ვიზის მოთხოვნით მიმართვა. მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვიზების უფრო ხანგრძლივი ვადით გაცემა.

„შემდეგი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ პროცესის გასამარტივებლად, სომხეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებში საკონსულო პუნქტების გახსნაა. არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობა სომხეთში, თუმცა საკონსულო მომსახურებას არ ეწევიან. უახლესი სიახლე კი ის არის, რომ ბელგიის საელჩომ მიიღო გადაწყვეტილება საკონსულო სექციის გახსნის შესახებ, რაც გარკვეულწილად შეამსუბუქებს არსებულ ტვირთს“.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია