
"ენგურჰესი" - არ ვართ ვალდებული, თანამშრომლების დათხოვნაზე ინფორმაცია მოგაწოდოთ - Netgazeti
შპს “ენგურჰესმა”, რომელიც გალის მოსახლეობისა და დასაქმებული პერსონალის ცნობით, სამსახურიდან ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს, ბათუმელები-ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ არ აქვს ვალდებულება, თანამშრომლების დათხოვნის შესახებ კითხვებს უპასუხოს.
კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მონაცემებით „ენგურჰესში“? იგეგმება თუ არა რაიმე სახის რეორგანიზაცია „ენგურჰესში“? ითვალისწინებს თუ არა რეორგანიზაცია თანამშრომლების რიცხვის შემცირებას, რამდენით? რატომ გახდა ეს ზომა აუცილებელი და გაიცემა თუ არა შემცირებაში მოყოლილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციები?

ენგურჰესის ცნობითვე, “ენერგეტიკული სექტორის ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, შპს “ენგურჰესში” ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიზანია, “ენგურჰესში” განახლებული სტრუქტურით შეიქმნას ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და ამასთანავე, კომპანიამ უზრუნველყოს შესაბამისი ადამიანური რესურსების სწორ პოზიციებზე გამოყენება საწარმოს უკეთესი მართვისთვის”.
ინფორმაცია ენგურჰესში თანამშრომელთა მასშტაბური დათხოვნის შესახებ გალის მოსახლეობის მხრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა. საუბარია რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნაზე და კადრების განახევრებაზე. “ენგურჰესის” თანამშრომლების დიდი ნაწილი გალის რაიონის მცხოვრებია.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge