
ალიევის ვიზიტი დავითგარეჯის საკითხის ხსენების გარეშე დასრულდა - Netgazeti
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში ისე დასრულდა, რომ საჯარო კომუნიკაციაში „ქართულ ოცნებას“ დავითგარეჯი კვლავ არ უხსენებია.
შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებებში ალიევმაც და ირაკლი კობახიძემაც ხაზი გაუსვეს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოსთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი“.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ქვეყანა მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც“, — თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ბრიფინგზე მედიის კითხვებისთვის მათ პასუხი არ გაუციათ.
ათონელის რეზიდენციაში უმასპინძლა ილჰამ ალიევს მიხეილ ყაველაშვილმა. განხილული საკითხების ჩამოთვლისას გარეჯი არც მას უხსენებია.
„გარეჯი საქართველოა“ — ამ სლოგანით აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
არჩევნების წინ დააკავეს კარტოგრაფები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პროკურატურა მათ ედავებოდა, რომ დამალეს რუკა, რომელიც საქართველოს უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა და საზღვრის ნაწილი აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეათანხმეს.
„ოცნება“ „გარეჯის გაყიდვაში“ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა და, ამავდროულად, რუკის დედნის მოპოვებისთვის რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს ემადლიერებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა მოლოდინი, რომ „რუკის დაბრუნების“ შემდეგ აზერბაიჯანთან ჯერ ბოლომდე შეუთანხმებელი საზღვრის საკითხს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტდა, თუმცა კარტოგრაფების საქმიდან 5 წელზე მეტი გავიდა და სასამართლო განაჩენი გამოტანილი ისევ არ არის.
წინსვლა არც საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებშია და დავითგარეჯის საკითხს არ ახსენებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები და შეხვედრები საკმაოდ მაღალი დინამიკით გამოირჩევა.
2021 წლის მაისში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის საკითხიც განიხილეს, რომელზეც საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია მუშაობს. მისი თქმით, გარეჯის გარშემო ორ ქვეყანას შორის დიალოგი გაგრძელდება და „დაჩქარდება”.
2023 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აცხადებდა, რომ დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით „პოზიტივი აქვთ“, თუმცა არ დააკონკრეტა, რაში მდგომარეობს ის.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge