
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - შსს - Netgazeti
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავა. მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, გარდა დაკავებული 44 პირისა, 6 პირს დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს. ამ 6-დან 1 არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის.
დარახველიძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.
“დაკავებულები უკავშირდებოდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს. მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდს, მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური და სხვა სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაკავებულები მამუკა შუბითიძეს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც, მათი ვარაუდით, შესაძლებელი იქნებოდა მატერიალური სარგებლის მიღება – ფულის გამოძალვა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე, დაკავებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge