
თეირანი ტრამპს: "ირანის პასუხი რეგიონს გასცდება“ - Netgazeti
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიმართ მორიგ მუქარის პოსტს აქვეყნებს.
„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და აღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება“, — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
თუმცა დასძინა, რომ რეჟიმის სრული და ტოტალური ცვლილების ფონზე, როდესაც „განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება იმარჯვებს, შესაძლოა, რაღაც რევოლუციურად საოცარი მოხდეს“.
„ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ — ხანგრძლივი და რთული მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი!“ — წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა ახალი დარტყმები განახორციელა სამხედრო ობიექტებზე ხარგის კუნძულზე, რომელიც ირანის ნავთობის მთავარი საექსპორტო ცენტრია.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, თუ ამერიკელი სამხედროები „წითელ ხაზებს გადაკვეთენ“, ირანის „პასუხი რეგიონს გასცდება“.
ირანი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შეაფერხებს რეგიონული ნავთობისა და გაზის მიწოდებას.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge