
ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის მოქალაქეებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ - Netgazeti
თბილისში, აბანოთუბანში, რამდენიმე ოჯახს საკუთრებას იძულებით ჩამოართმევენ, რათა იმ ადგილას ააშენონ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი. შესაბამის ბრძანებას ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა 3 აპრილს – 3 დღით ადრე, ვიდრე საქართველოში ჰეიდარ ალიევის ვაჟი, აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდოდა.
ქვრივიშვილის ბრძანებით, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად შეფასდა. სწორედ ამის საფუძველზე მიეცა აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას ცენტრის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ქონების მოქალაქეებისთვის იძულებით ჩამორთმევის უფლება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, დოკუმენტში წერია, რომ ეს საკითხი სცდება სამინისტროს უფლებამოსილებას.
“თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – წერია ქვრივიშვილის ბრძანებაში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში წლებია ფუნქციონირებს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ეს დაწესებულება მდებარეობს ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შენობა ავარიულია. გარდა ამისა, ფართი არ არის საკმარისი მსგავსი ტიპის შემოქმედებითი ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის. გადაწყდა, რომ უნდა შეისყიდონ ტერიტორია, სადაც აშენდება ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი. ამისთვის თანხებს გამოყოფს როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო. ქართული მხარის ჩართულობა ამ პროექტში გამოიხატება უძრავი ქონების (მიწის) შესყიდვით.
ცენტრის მშენებლობისთვის შეირჩა ტერიტორია აბანოთუბანში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩაზე. ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ეს არის ე.წ. იტალიური ეზოს ტიპის დასახლება, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. იქვეა განთავსებული სხვა დამხმარე ნაგებობებიც. ჯამში, აღნიშნულ ქონებას 24 კერძო მესაკუთრე გვყავს. 2026 წლის 24 მარტის მდგომარეობით სახელმწიფომ მოახერხა 13 მათგანთან შეთანხმება და წილის გამოსყიდვა. 5 მესაკუთრე არ თანხმდება საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის მიყიდვას. სწორედ მათი ქონების ექსპროპრიაციის (იძულებით ჩამორთმევის) ბრძანებას მოაწერა ხელი 3 აპრილს მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის ბრძანებაში არ არის აღნიშნული დანარჩენი 6 მესაკუთრის პოზიცია. სავარაუდოა, რომ მათთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ქვრივიშვილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. თუმცა იქვეა განმარტებული, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “საჯარო მიზნებიდან გამომდინარე” შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა.
“საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან”, – წერია ქვრივიშვილის ბრძანებაში.
ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის საზოგადოებისთვის აუცილებელი საჭიროების მქონე პროექტად შეფასების დასასაბუთებლად მარიამ ქვრივიშვილი იმოწმებს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის 2 კვირით ადრე გამოქვეყნებულ წერილს:
“საქართველოში ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის განვითარებისათვის, ასევე კულტურული თანამშრომლობისათვის, რომელიც ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს. ამასთან, ახალი ინფრასტრუქტურული ცენტრი, როგორც კულტურული დიალოგის, ისტორიული ურთიერთობის გააზრებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გაამდიდრებს საქართველოს კულტურულ სივრცეს და კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურულ ურთიერთობებს”, – წერს თინათინ რუხაძე.
გარდა ამისა, ქვრივიშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ალიევის სახელობის ცენტრის მშენებლობა “ემსახურება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის კულტურულ განვითარებას”.
ჰეიდარ ალიევი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი 10 წლის განმავლობაში – 1993-დან 2003 წლამდე. 2003 წლიდან დღემდე ქვეყანას მისი შვილი, ილჰამ ალიევი მართავს.
ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, მეჰრიბან ალიევა, რომელიც ილჰამ ალიევის ცოლია, გუშინ, 6 აპრილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ალიევი შეხვდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც.
მეჰრიბან ალიევას თინათინ რუხაძემ და მიხეილ ყაველაშვილის ცოლმა, თამარ ბაგრატიონმა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში უმასპინძლეს.
ამავე თემაზე:
ალიევის ვიზიტი დავითგარეჯის საკითხის ხსენების გარეშე დასრულდა
ფოტო: მარიამ ქვრივიშვილი და ილჰამ ალიევი
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge