მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
მარნეულის მერის ძმას ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს - Netgazeti

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარედგინა, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმას, ქენან ისმაილოვს ბრალი წარედგინა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

„საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის 6 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად ხელკეტების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქენან ისმაილოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) წარედგინა, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გამოძიება გრძელდება „დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“.

მარნეულის მერის ძმა ქენან ისმაილოვი 6 აპრილს დააკავეს.

პლატფორმა „თემის“ დამფუძნებელ სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ქენან ისმაილოვმა, თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად, პურის საცხობის მეპატრონეს სცემა.

„მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ, იგივე გაეკეთებინათ. ერთ-ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა, სასტიკად არის ნაცემი“, — დაწერა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში.

მარნეულის მერის ძმა დააკავეს
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია