მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
9 აპრილს დაკავებულ მოქალაქეს წითელ პარასკევს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - Netgazeti

9 აპრილს დაკავებულ მოქალაქეს წითელ პარასკევს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

გუშინ, 9 აპრილს, პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების გამოჩენამდე პოლიციამ 9 აპრილის მემორიალთან მყოფი მოქალაქეები ტროტუარიდან ძალის გამოყენებით გადაწია და დღის განმავლობაში უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. სხვადასხვა მიზეზით დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთის ვინაობა მხოლოდ დღეს გახდა დაზუსტებით ცნობილი. მას შემდეგ, რაც 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

შოთა ოდიშვილი დაკავებიდან დიღმის იზოლატორში ჰყავდათ შესახლებული. ის სასამართლოში დღეს, 10 აპრილს, წითელ პარასკევს გადაიყვანეს და მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შოთა ოდიშვილი ადმინისტრაციულ პატიმრობას მარნეულის იზოლატორში მოიხდის. ინფორმაციას ნეტგაზეთთან ადვოკატი მარიკა არევაძე ადასტურებს. სწორედ მან შეძლო დღეს გუშინ დაკავებული მოქალაქის ვინაობის დაზუსტება, როცა ოდიშვილი უკვე სასამართლოში ჰყავდათ გადაყვანილი.

არევაძის ინფორმაციით, მოქალაქეს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მან 9 აპრილის მემორიალთან ბიძინა ივანიშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

კიდევ ორმა სამოქალაქო აქტივისტმა, შაკო ბაღდოშვილმა და კოკო მიქაიამ პოლიციის განყოფილება გუშინ ღამით დატოვეს. ისინი 9 აპრილის დილას რუსთაველზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკითხეს მოწმის სახით. შაკო ბაღდოშვილი ინციდენტის შემდეგ მალევე დააკავეს, ხოლო მიქაია მოგვიანებით დაიბარეს გამოკითხვაზე.

თვითმხილველების ცნობით, 2 პირი რუსთაველის გამზირზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ბაღდოშვილს ცხვირიდან სისხლი მოსდის, თუმცა ბოლოს მაინც ის დააკავეს. მისი განცხადებით, პოლიციაში ჩაატარეს ამოცნობის პროცედურებიც.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.

სამოქალაქო აქტივისტმა, შაკო ბადღოშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. ამოცნობის პროცედურას 7 საათის განმავლობაში ატარებდნენ, როცა თითქმის მთელი დღით პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ და დარჩა შთაბეჭდილება, რომ აპირებენ, თავდამსხმელებად სამოქალაქო აქტივისტები წარმოაჩინონ.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია