მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა - Netgazeti
„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა - Netgazeti

„ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდა - Netgazeti

ნეტგაზეთი1 აპრილი, 2026, 18:07|netgazeti.ge

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე შეიქმნა ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ (Patriots for Europe in Congress), რომელშიც „ქართული ოცნება“ გაწევრიანდა.

„პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ 6 ქვეყნის — საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის — პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება.

პოლიტიკურ ჯგუფს ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი ანა მაგიარი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრეზიდენტებად კი აირჩიეს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე და ჩეხი რიჩარდ ვერესი.

„ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს“, — ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„პატრიოტები ევროპისთვის“ აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ფარგლებში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება „კიდევ უფრო აძლიერებს სუვერენისტი, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობას“.

„ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკოსთა კონგრესმა აღიარა პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, რომელიც წარმოდგენილია 29 დელეგატით 6 ქვეყნიდან. ჯგუფში „ფიდესი/ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის 7 მერსა და ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად მუშაობენ ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკოსები იტალიური „ლიგადან“ (Lega) (5 წევრი), ჩეხური „ANO 2011“-დან (6 წევრი), ქართული „ქართული ოცნებიდან“ (8 წევრი), ავსტრიული „თავისუფლების პარტიიდან“ (2 წევრი) და ესპანური „VOX“-დან (1 წევრი).

ახალი პატრიოტული პოლიტიკური ჯგუფი რეალურად არის ევროპარლამენტში არსებული „პატრიოტები ევროპისთვის“ (Patriots for Europe) უმცროსი ძმა და მიჰყვება იმავე გზას სტაბილური ფასეულობების დასაცავად დღევანდელ ტურბულენტურ, გაურკვეველ და სახიფათო სამყაროში“, — ნათქვამია „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადებაში.

ვინ არიან „პატრიოტები ევროპისთვის“?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა იგი 2021 წელს, რის შემდეგად პოლიტიკური ოჯახის გარეშე იყო დარჩენილი.

2024 წელს ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიასთან“ (FPÖ) და ჩეხ ანდრეი ბაბიშის „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობასთან“ (ANO) ერთად შექმნა ალიანსი „პატრიოტები ევროპისთვის“.

„ჩვენ ვამჯობინებთ ეროვნულ სუვერენიტეტს ფედერალიზმს, თავისუფლებას — ბრძანებებს და მშვიდობას — ომს“, – ნათქვამია სამეულის „პატრიოტულ მანიფესტში“, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა, დაიცვან თავიანთი საზღვრები და შეაჩერონ არალეგალური მიგრაცია.

მოგვიანებით ალიანსს შეუერთდა სხვადასხვა ულტრამემარჯვენე პარტია ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, საფრანგეთიდან მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ (RN) და იტალიიდან მატეო სალვინის „ლიგა“.

„ქართული ოცნება“, რომელიც პარტნიორი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის გარეშეა დარჩენილი 2023 წლიდან, როდესაც ევროპის სოციალისტურ პარტია (PES) გარიცხვამდე დატოვა, ახლა ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფებიდან მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „სუვერენულ ერთა ევროპისა“ (ESN) და „პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE) პოლიტიკური ჯგუფების ნარატივებთან.

„პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი სწორედ ევროპარლამენტში არსებული „პატრიოტები ევროპისთვის“ (Patriots for Europe) „უმცროსი ძმაა“.

„პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE Group) წევრების შეხედულებები საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხზე განსხვავდება. ევროპარლამენტში „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფის წევრია ბაშარ აშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილი ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანიც, რომელიც აქტიურად ესარჩლება „ქართულ ოცნებას“.

ორბანი ახალ ულტრამემარჯვენე ევროპულ ალიანსს ქმნის
ვინ არიან და რა პოლიტიკური წონა აქვთ „ოცნების“ თანამოაზრეებს ევროპარლამენტში?
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის სააგენტომ „პარაგრაფს“ 116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა

სურსათის სააგენტომ „პარაგრაფს“ 116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა

ნეტგაზეთი

პუტინი და ფაშინიანი მოლაპარაკებებს სამუშაო საუზმის ფორმატში გააგრძელებენ – TASS

პუტინი და ფაშინიანი მოლაპარაკებებს სამუშაო საუზმის ფორმატში გააგრძელებენ – TASS

ნეტგაზეთი

მიტროპოლიტ ვახტანგის თქმით, შესაძლოა, სინოდმა საპატრიარქო კანდიდატის ასაკზე იმსჯელოს

მიტროპოლიტ ვახტანგის თქმით, შესაძლოა, სინოდმა საპატრიარქო კანდიდატის ასაკზე იმსჯელოს

ნეტგაზეთი

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

სტრასბურგში რუსული კანონის საქმეზე დაინტერესებულმა საერთაშორისო აქტორებმა წერილობითი პოზიციები წარადგინეს

ნეტგაზეთი