
ორბანმა პუტინთან საუბარში გამოთქვა მზაობა, იყოს თაგვი ცნობილი იგავიდან - Bloomberg - Netgazeti
სააგენტო Bloomberg იუწყება, რომ მოიპოვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი, რომელშიც ორბანი კრემლის ლიდერს მეგობრობას ეფიცება და უკრაინაში ომის „მოგვარებაში“ დახმარებას სთავაზობს.
ბლუმბერგის თანახმად, 17 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში ორბანმა კრემლის ლიდერს განუცხადა, რომ „მზად იყო, ძალ-ღონე არ დაეშურებინა“ პუტინის დასახმარებლად, მათ შორის, ბუდაპეშტში სამიტის გამართვის გზით უკრაინაში „ომის მოგვარების ხელშეწყობისთვის“.
„გუშინ ჩვენი მეგობრობა ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, რომ ნებისმიერი გზით შემიძლია დაგეხმაროთ. ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია გამოგადგეთ, თქვენს სამსახურში მიგულეთ“, – უთხრა ორბანმა პუტინს.
თავისი აზრის გასამყარებლად ორბანმა გაიხსენა ეზოპეს იგავ-არაკი, რომელიც, მისი თქმით, უნგრეთში პოპულარულია. იგავი მოგვითხრობს თაგვზე, რომელიც ბადეში გაბმულ ლომს ათავისუფლებს მას შემდეგ, რაც ლომმა მანამდე მღრღნელს სიცოცხლე აჩუქა.
როგორც ტრანსკრიპტიდან ირკვევა, ამ რეპლიკამ პუტინი გააცინა.
როგორც აღინიშნა, საუბრის უდიდესი ნაწილი დაუთმეს ერთმანეთიში კომპლიიმენტების გაცვლას, ასევე ,აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართაც არ დაიშურეს კომპლიმენტები.
საუბრისას ორბანმა აღნიშნა, რომ მისი მეგობრობა პუტინთან კიდევ უფრო განმტკიცდა 2009 წელს სანქტ-პეტერბურგში მათი შეხვედრის დღიდან.
„რაც უფრო მეტ მეგობარს შევიძენთ, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს დავუპირისპირდეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს“, – თქვა ორბანმა.
ამავდროულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ის და პუტინი ვერ ახერხებდნენ რეგულარულად პირისპირ შეხვედრას ისე, როგორც ამას COVID-19-ის პანდემიამდე აკეთებდნენ.
ეს სიტყვები სააგენტოს დაუდასტურა წყარომ, რომელიც ინფორმირებული იყო ამ საუბრის შესახებ.
შემდეგ პუტინმა აღფრთოვანება გამოხატა უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით უნგრეთის „დამოუკიდებელი და მოქნილი“ პოზიციის გამო.
„ჩვენთვის გაუგებარია, რომ ასეთი დაბალანსებული, ზომიერი პოზიცია მხოლოდ წინააღმდეგობას იწვევს“, – თქვა პუტინმა.
ტრანსკრიპტის მიხედვით, ოქტომბერში გამართული საუბრის მთავარი მიზანი იყო უნგრეთში აშშ-სა და რუსეთის შეხვედრის შესაძლებლობის განხილვა. ბუდაპეშტში სამიტი მაშინ არ შემდგარა.
აღსანიშნავია, რომ პუტინთან ორბანის საუბრის დეტალები გავრცელდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოსა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის გაჟონვის ფონზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge