
მიზანშეწონილი იქნება გაუქმება - ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო „ოცნების“ რეპრესიულ კანონებზე - Netgazeti
ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, მიზანშეწონილი იქნება, გაუქმდეს ის ზომები, რომელსაც მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონები ითვალისწინებს.
ამის შესახებ ექსპერტთა მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს, პირველ აპრილს, გამოქვეყნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭო ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის (Conference of INGOs) საექსპერტო ორგანოს წარმოადგენს.
ექსპერტთა საბჭომ შეაფასა 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა შესაბამის კანონებში.
ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობასა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნას და არსებობს სერიოზული საფუძველი ეჭვისთვის, აქვს თუ არა მათ უმრავლესობას ლეგიტიმური მიზანი.
ექსპერტთა საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მასშტაბისა და იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც მოჰყვება ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში ჩარევის მოთხოვნების შეუსრულებლობას, შეუძლებელია, რომელიმე დებულება (გარდა პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების დანაშაულისა) მიჩნეულ იქნეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ ზომად.
ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში ამ კანონების მიღება კიდევ უფრო გაამწვავებს იმ მძიმე და გაუმართლებელ ზიანს, რომელიც უკვე მიადგა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, აღნიშნული კანონების მიღება ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებათა ფართო სპექტრს, რომელიც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, აიღო საკუთარ თავზე და, შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია.
ამდენად, ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება კანონებით მიღებული ზომების გაუქმება, ისევე როგორც ექსპერტთა საბჭოს მიერ 2024 და 2025 წლებში მიღებულ დასკვნებში განხილული დებულებების აღსრულებისგან თავის შეკავება.
4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.
ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში.
ახალი კანონით ფართოვდება გრანტის ცნება. კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გრანტის მიმღებისთვის დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.
დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში ეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით ემსგავსება პარტიას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება.
კოდექსს დაემატა ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
ამ მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge