
ფაშინიანმა პუტინს ანიშნა, რომ არჩევნებში რუსი ოლიგარქი კარაპეტიანი ვერ იმონაწილევებს - Netgazeti
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება [როგორც საარჩევნო სუბიექტი] კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის პასპორტს.
სომხეთში 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება ასევე რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქი სამველ კარაპეტიანის პარტია. სამველ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის პასპორტებს ფლობს. მისი მხარდამჭერები მას სომხეთის მომავალ პრემიერ მინისტრადაც მოიაზრებენ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ, კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლიან და ცენზს გააუქმებენ. პოლიტიკურ ექსპერტებში არსებობს ვარაუდი, რომ მის პარტიას არჩევნებში ამ ფაქტორის გამო არ დაარეგისტრირებენ.
„არმენპრესის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანი სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებს შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულია და პოლიტიკური აქტივობა ბუნებრივი მოვლენაა.
„ჩვენთან საპარლამენტო არჩევნებია მოსალოდნელი და ეს არჩევნები, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის არჩევნებიცაა. ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ ექსკლუზიურად სომხური პასპორტი. ანუ, რუსული პასპორტის მქონე პირები, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ვერ იქნებიან ვერც დეპუტატობის და ვერც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა სამართლებრივი ხასიათისაა და ეხება ყველა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, მიუხედავად მათი პოლიტიკური პოზიციისა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სომხეთში ბევრი პრორუსული პოლიტიკური ძალა და მოღვაწეა, ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი პატიმრობაში იმყოფება.
პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge