მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ფაშინიანმა პუტინს მოსკოვის განცხადებები შეახსენა ყარაბაღთან დაკავშირებით - Netgazeti

ფაშინიანმა პუტინს მოსკოვის განცხადებები შეახსენა ყარაბაღთან დაკავშირებით - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა აღარ უნდა გააგრძელოს ყარაბაღის მოძრაობა და აღნიშნა, რომ ერევანმა და ბაქომ უკვე ორმხრივად აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა. „არმენპრესის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია ეფუძნება უკვე ჩამოყალიბებულ ახალ რეალობას.

„ჩვენ აღარ უნდა გავაგრძელოთ ყარაბაღის მოძრაობა, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა და ორივე ქვეყანამ აღიარა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეს მიდგომა ეფუძნება 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ დამოუკიდებელი სომხეთი 100 პროცენტით საბჭოთა სომხეთის იდენტურია, ხოლო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი – საბჭოთა აზერბაიჯანის“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მიდგომა რეგიონში მყარი მშვიდობის საფუძველია. ამავდროულად მან განაცხადა, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში მას შემდეგ აღიარა, რაც ამის შესახებ საჯარო განცხადებები გაკეთდა რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან.

„დიახ, ჩვენ ვაღიარეთ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ორჯერ საჯაროდ ისაუბრა ამის შესახებ“, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანი ასევე შეეხო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ 2022 წლის მოვლენების დროს სტრუქტურის მექანიზმებმა არ იმუშავა.

„ჩვენ ახლა არ ვმონაწილეობთ ამ ფორმატის მუშაობაში, რადგან ჩვენს მოქალაქეებს ვერ ვუხსნით, რატომ არ მოახდინა ორგანიზაციამ რეაგირება საკუთარი ვალდებულებების საპირისპიროდ“, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ 2022 წელს პრაღაში სომხეთის მიერ ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შემდეგ, იგი აზერბაიჯანის შიდა საკითხად იქცა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ გარემოებამ შეზღუდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩარევის შესაძლებლობები.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია