
რა განიხილეს მოლდოვის პრორუსმა დეპუტატებმა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრაზე - Netgazeti
თბილისში მყოფი მოლდოვის პრორუსი ექსპრეზიდენტი იგორ დოდონი და მოლდოველი პრორუსი დეპუტატები შეხვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მარიამ ლაშხს, ისკო დასენსა და გია ბენაშვილს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს იგორ დოდონი ავრცელებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
იგორ დოდონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავიანთი პრაგმატული პოლიტიკის გამოცდილება გაუზიარეს.
„ისტორიული მოვლენა: დღეს თბილისში მოლდოვისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების პირველი სხდომა გაიმართა.
პარლამენტარ კოლეგებთან, ბოგდან ცირდეასთან, პეტრუ ბურდუჟასთან, ვასილე კოსტიუკთან და ოლგა ურსუსთან ერთად, შეხვედრა გავმართეთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან: საქართველო-მოლდოვის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ისკო დასენთან და ამავე ჯგუფის წევრებთან — გია ბენაშვილსა და მარიამ ლაშხთან.
განვიხილეთ თანამშრომლობა და საქართველოს ღირებული გამოცდილება ეროვნული ინტერესების დაცვაში, ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში. აღინიშნა, რომ ეს არის სუვერენიტეტის დაცვასა და სახელმწიფო განვითარებაზე ორიენტირებული თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკის მაგალითი.
შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ კონტაქტებს და განვავითარებთ თანამშრომლობას საპარლამენტო პლატფორმაზე“, – აცხადებს იგორ დოდონი.
საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე იგორ დოდონი მოსკოვში იმყოფებოდა.
ორგანიზაცია WatchDog.MD-ის თავმჯდომარემ, ვალერიუ პაშამ გამოაქვეყნა მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის პროგრამა. პროგრამიდან ირკვევა, რომ ვიზიტი 1-5 აპრილს იმართება და დაგეგმილია პარლამენტის ტური და შეხვედრა ისკო დასენთან, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
პროგრამის მიხედვით, მოლდოვის დელეგაციაში შედიან პრორუსული „სოციალისტური პარტიის” წევრები: ბოგდატ ცირდეა, იგორ დოდონი, პეტრუ ბურდუჯა, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლგა ურსუ („ალტერნატივა“), ვასილე კოსტიუკი („დემოკრატია სახლშის“) და ასისტენტი ჟურნალისტი ელენა დუკა.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში შედიან, ვიზიტის პროგრამაში არ ჩანან.
„სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა ის, რად იქცა საქართველო რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის პირობებში! მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით, მათ მოლდოვის პარლამენტიდან რუსული კონსერვატორების დელეგაცია მოიწვიეს. მას ხელმძღვანელობს მოლდოვაში კრემლის ალბათ ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი ბოგდატ ცირდეა“, — წერს ვალერიუ პაშა.
იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი. ის პრორუსული „სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა.
მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.
საქართველოს იგორ დოდონი და პრორუსი მოლდოველი დეპუტატები სტუმრობენ
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge