
სუს-ის თანახმად, თბილისის მუნიციპალური სასადილოებიდან ფულს იპარავდნენ - Netgazeti
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოვლინდა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია ხუთი პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „ალადაშვილი და კომპანიასა“ და ქალაქ თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით 26 513 573 ლარი.
შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორმა, 22 სასადილოდან 4, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს – შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.
გამოძიებით დგინდება, რომ შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში – 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ სუს-ში
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge