
ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება, საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ - პაპუაშვილი ირანის ელჩზე - Netgazeti
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ელჩის მიერ გავრცელებული მუქარანარევი განცხადებაც განიხილებოდა.
ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი აცხადებს, რომ ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შემდეგ კი შეხვედრა გამართა. თუმცა მეორე დღეა საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
„იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში და რა თქმა უნდა, ამაზეც [ირანის ელჩის მუქარანარევი განცხადებაზე] იყო საუბარი და შეგიძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხოთ.
საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ არის ამის სურვილი თუ ამოცანაც, გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობაც, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება, რომ საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იქნას იმისთვის გამოყენებული, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ. საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა ყველასთვის ცხადია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაბარებისა, ირანის ელჩმა თავად მოითხოვა საგარეო უწყებაში შეხვედრა, პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგა და საუბარი გაიმართა.
„კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც არსებობს ახლო აღმოსავლეთში, საქართველომ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში და ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალშიც იქნება ასეთი კრიზისები ჩვენს გარშემო, ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს ყველა ეს პროცესი. ხედავთ, რომ შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, საუბრებით, ხედავთ, რომ ამას ვაღწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
31 მარტს, ირანის ელჩმა მუქარანარევი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.
უცნობია, ეხებოდა თუ არა ირანის ელჩის ეს განცხადება მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა.
ამის შემდეგ, ირანის ელჩმა საქართველოში, ალი მოჯანმა განაცხადა რომ ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შემდეგ კი შეხვედრა გამართა.
ირანის ელჩის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსტრუქციული საუბარი შედგა.
ნეტგაზეთი ირანის ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge