
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე დაკავებულებებს გირაო შეეფარდათ - Netgazeti
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუნიციპალური სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმეზე დაკავებულებებს აღკვეთ ღონისძიებად 100 000 და 50 000 ლარის გირაო შეუფარდა.
100 ათასი ლარი შეეფარდა საქმეზე დაკავებულ შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორ რეზო ადალაშვილს, ხოლო თეონა ჯავახიშვილს, ბესიკ დოხნაძეს, ზურა ცაგურიშვილს და ბადრი ბადრიაშვილს 50-50 ათასი ლარი.
ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების საფუძველზე 2 აპრილს დააკავეს. სუსის გამოძიების თანახმად, 2023-2026 წლებში შპს „ალადაშვილი და კომპანიასა“ და ქალაქ თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვების საერთო ღირებულება 26 513 573 ლარი იყო.
სუსის ცნობით, შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორმა, 22 სასადილოდან 4 სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს – შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიების თანახმად, შპს „ალადაშვილი და კომპანიის“ დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, 2024-2026 წლებში დოკუმენტების გაყალბების გზით 3 მილიონზე მეტი ლარი მიითვისა.
“ტვ პირველის” ცნობით, რეზო ალადაშვილმა ბრალი აღიარა.
“არც კვება და არც ხარისხი არ იყო დაკლებული, ხელოვნურად ვზრდიდით ბენეფიციარების რაოდენობას, მაგალითად 10-ის ნაცვლად 11-ს ვწერდით, რომ მოგება მეტი ყოფილიყო, ტენდერი ჩვენი მოგებული იყო. ვაღიარებ დანაშაულს. პირველი წამიდან ვითანამშრომლე გამოძიებაასთან, მაქსიმუმ 4 თვეში ავანაზღაურებ ზიანს”, – განაცხადა ალადაშვილმა. სასამართლო პროცესზე. მის ამ ციტატას ტვ პირველი ავრცელებს.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge