მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს - Netgazeti

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პრორუსი კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს. გამოძიება ეხება სავარაუდო საარჩევნო მოსყიდვას, როგორც ქრთამის მიცემას, ისე მიღებას. პარალელურად, სამართალდამცველებმა ჩხრეკები ჩაატარეს რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერთა სახლებში. თავად სამველ კარაპეტიანს სომხეთში ფულის გათეთრებასა და ძალაუფლების მითვისებისთვის საჯარო მოწოდებას ედავებიან.

სომხეთში 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება რუსი ბიზნესმენის და ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი. სამველ კარაპეტიანი რუსეთისა და კვიპროსის პასპორტებს ფლობს. მისი მხარდამჭერები მას სომხეთის მომავალ პრემიერ-მინისტრადაც მოიაზრებენ მას შემდეგ, რაც მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ კონსტიტუციის აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლიან და ცენზს გააუქმებენ. პოლიტიკურ ექსპერტებში არსებობს ვარაუდი, რომ მის პარტიას არჩევნებში ამ ფაქტორის გამო არ დაარეგისტრირებენ.მოსკოვში ფაშინიანის ბოლო ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება [როგორც საარჩევნო სუბიექტი], კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც ფლობენ ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის პასპორტს.მანამდე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა.სამველ კარაპეტიანმა უკვე განაცხადა, რომ სომხეთის გარდა ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, უწყებაში მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში დაკავებულია 14 პირი, რომლებსაც ედავებიან საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება როგორც საარჩევნო ქრთამის მიცემას, ასევე მის მიღებას. სომხური მედიის ცნობითვე, უწყებას დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გაუსაჯაროებია.

„საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, – აღნიშნულია ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებაში.

ჩხრეკები „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერებთან

მანამდე, 16 აპრილის დილიდან სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკები ჩაატარეს პარტია „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერთა სახლებში, რის შემდეგაც რამდენიმე პირი განყოფილებაში გადაიყვანეს.

საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა ადვოკატმა ვაჰან ჰოვანისიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ჯერაც არ აქვს სრული ინფორმაცია დაკავებულთა ან გადაყვანილ პირთა ზუსტ რაოდენობაზე და მათ ადგილსამყოფელზე.

„ამ ეტაპზე ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან არ ვიცით, რამდენი ადამიანია გადაყვანილი ან დაკავებული და კონკრეტულად რომელ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა ადვოკატმა ანტიკორუფციული კომიტეტის შენობასთან.

ჰოვანისიანის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთი პირისთვის უკვე წარდგენილია ბრალი, ასევე განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

„გვითხრეს, რომ ისინი აიგეძორში იმყოფებიან. მოქალაქეები აქაც არიან, მაგრამ ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ბრალი ერთ ადამიანს აქვს წარდგენილი. განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ერთი პირია დაკავებული“, – თქვა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, საქმის საფუძვლად სახელდება საარჩევნო მოსყიდვა და ქველმოქმედების წესების დარღვევა.

ოპოზიცია პოლიტიკური დევნის შესახებ საუბრობს

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ მისი შეფასებით, „ძლიერი სომხეთის“ პარტიის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ მოტივაციას შეიცავს.

„ისინი ყურადღებით აკვირდებიან პარტია ‘ძლიერი სომხეთის’ საქმიანობას. ბრალდების შინაარსი ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია და სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ოპერატიულობა და კოორდინაცია, რომელსაც პარტიის ირგვლივ ვხედავთ, ჩვენ მიერ აღიქმება როგორც პოლიტიკური დევნა“, – აღნიშნა ჰოვანისიანმა.

ფაშინიანი თუ რუსი ოლიგარქები? – სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება
გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია