მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ზახაროვა: რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის EU-ში გაწევრიანდება - Netgazeti

ზახაროვა: რუსეთი საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს, თუ ის EU-ში გაწევრიანდება - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის შესაბამის შედეგებს გამოიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ვამბობ, რომ ეს ჩვენი სურვილია, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების ფონზე მოგვიწევს, საქართველო არამეგობრული რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში შევიყვანოთ და მასზე საპასუხო ეკონომიკური ზომები გავავრცელოთ. ეს, ბუნებრივია, შესაბამისად აისახება მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და რუსეთში იმპორტირებული ნებისმიერი სხვა პროდუქტის ქართველ მწარმოებლებზე“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება თბილისი ისწრაფოდეს ისეთ კავშირში გასაწევრიანებლად, რომლის წევრებიც საქართველოს „სრულიად უმიზეზოდ“ უწესებენ სანქციებს. ზახაროვას განცხადებით, ეს ძალები თითქმის ღიად უჭერენ მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობებს და ქართველ ხალხს „მათთვის უცხო ანტიფასეულობებს“ თავს ახვევენ, რითაც „ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ფაქტობრივად, აიძულებენ მათ, უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე“.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის ბრიუსელისთვის გადაცემის ფასადაა შესაძლებელი. მეტიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია ქვეყანა ევროკავშირის წევრია, „ყველა ვალდებულია საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილზე ბრიუსელის სასარგებლოდ უარი თქვას“. ეს კეთდება არა რაციონალური გადაწყვეტილებების ან ეკონომიკური სარგებლის გამო, არამედ „უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი მოთხოვნა არსებობს.“ „რადგან ეროვნული თვითშეგნება, სუვერენიტეტი და იდენტობა უკვე აღარაფერს ნიშნავს“, — განმარტა მან.

„შესაბამისად, ის, რასაც ბრიუსელი საქართველოს უკეთებს, არის მისი უფსკრულისკენ ხელის კვრა, რის შესახებაც უკვე ყველამ კარგად იცის“, — დაასკვნა ზახაროვამ. „კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ მისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები თბილისის მიმართ აშკარა გახდეს?“ თუმცა, დიპლომატის თქმით, ბრიუსელის პოლიტიკა სულაც არ არის გასაკვირი: „ჩვენ ეს დიდი ხნის წინ გავაცნობიერეთ და შევეჩვიეთ იმას, რომ ისინი ნეოკოლონიურ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას, ეყრდნობიან რა სანქციებსა და შანტაჟს. ჩვენთვის ნაცნობია, რომ ბრიუსელი მესამე ქვეყნებისგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. ის, რასაც ბრიუსელი ამჟამად საქართველოს მიმართ აკეთებს, მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა სხვა ქვეყნებთან მიმართებით ასეთი შემთხვევები უამრავია.“

ზახაროვამ გაიხსენა, რომ ბოლო წლებში ევროკავშირისთვის ანტირუსულ სანქციებთან იძულებითი მიერთება პრიორიტეტად იქცა: „თუ ამ ყველაფერზე ხელი არ მოგიწერია და ერთგულება არ შეუფიცია, მაშინ ევროკავშირის წევრობაც არ იქნება“. „და ეს არ არის მხოლოდ ანტირუსული სანქციები“, — განმარტა მან, — „ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გვერდს უვლის გაეროს უშიშროების საბჭოს. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას.“

ეს მოხდება არა იმიტომ, რომ რუსეთი იტყვის უარს საჰაერო მიმოსვლაზე — ის ამით საკმაოდ დაინტერესებულია, რასაც ტურისტებისა და ბიზნესმენების უზარმაზარი ნაკადი მოწმობს — არამედ იმიტომ, რომ ამას ევროკავშირი მოითხოვს, აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. „ეს ასევე ნიშნავს საქართველოსთვის ტვირთების გადაზიდვასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საკუთარი ავტომობილებით მგზავრობაზე აკრძალვის დაწესებას, კვლავ ევროკავშირის მოთხოვნით“, — განაგრძო დიპლომატმა. „თუ ეს ასე არ არის, მოდით, ვინმემ ბრიუსელიდან გააკეთოს კომენტარი და გვითხრას, რომ ვცდებით. ძალიან საინტერესო იქნება მათი მოსმენა.“

„ამასთან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველი მეოთხე ტურისტი საქართველოში რუსეთიდანაა. ესენი არიან მადლიერი, ფინანსურად უზრუნველყოფილი ტურისტები, რომლებსაც საქართველოში თავიანთი მეგობრებიც ჩამოჰყავთ და რომლებიც, თავის მხრივ, ქართული სამზარეულოს, კულტურის, არქიტექტურისა და ისტორიის დიდი გულშემატკივრები ხდებიან“, — აღნიშნა ზახაროვამ.

შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება „ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების ფონზე, მძიმე დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას და საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთსა და საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს შორის კომუნიკაციას“. „ისინი ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობას უბრალოდ დაკარგავენ“, — დაასკვნა ზახაროვამ.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია